გვანცა წულაია
27.07.2017

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და ყაზახეთის მიერ.

გამოკითხულთა 62% კი ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ.

გამოკითხულთა 8% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 6%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მცირედით შემცირდა, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მცირედით გაიზარდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ იზრდება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გიგა ნასარიძე (ა.ო "საქართველო არ იყიდება"): რამდენიმე პასუხი მაქვს. პირველი ის არის, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა გაიზარდა და გაძლიერდა. იგი უკონტროლოდ ვრცელდება რადიოებში, ტელევიზიებში, გაზეთებსა და სააგენტოებში.

საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლური პროპაგანდა შესუსტდა. ასევე, საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთისადმი წინააღმდეგობრივი პოლიტიკაც შესუსტდა.

იმედი მაქვს, ეს ცუდი ტენდენცია მალე შეწყდება და დასავლეთის ქვეყნებში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მოიმატებს, საქართველო ალბათ ადრე თუ გვიან აუცილებლად სწორ გზაზე დადგება.

 

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ფიზიკის კანონია, რაც უფრო მეტია დაწოლა, წინააღმდეგობაც მით მეტია. ანუ, მასობრივი ინფორმაცია რაც უფრო ბევრს ილაპარაკებს და რუსეთზე გინებას დაიწყებს, თუმცა საგინებლები არიან, უფრო მეტი ძალა წამოვა.

ამიტომ, ყოველ წამს არ არის საჭირო იმის ძახილი, რომ ცუდი ამინდია - რუსეთის ბრალია, ვაშლი 2 ლარი გახდა - რუსეთის ბრალია, დედამ შვილს ყური აუწია - რუსეთის ბრალია. ასე არ შეიძლება.

თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ. რა გაახურეს საქმე. შეგიძლიათ, ევროკავშირის და არა ნატოს მომხრეებში ჩამთვალოთ, თუმცა სიამოვნებით ვიმეგობრებ და ვმეგობრობ კიდევაც რუსეთთან."

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ #ვ|-ს კვლევას ნუ ვენდობით. ამ ორგანიზაციამ მრავალი წლის განმავლობაში გვაჩვენა, რომ მისი მონაცემები ხშირად სინამდვილეს არ შეესაბამება.

#ვ| არის ის ორგანიზაცია, რომლის კვლევებს საქართველოში საერთოდ ავკრძალავდი. ზოგად დინამიკას, რომელიც აღწერილია, ვეთანხმები, ოღონდ მგონია, რომ სხვა რიცხვები უნდა იყოს.

ევრაზიულ კავშირში, რუსეთის გარდა, შედიან ის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ცუდი ურთიერთობა სულაც არ აქვს. ამ კავშირის მეშვეობით რეალურად შეიძლება ეკონომიკის გაძლიერება, რადგან საკმაოდ ძლიერი ქვეყნები არიან, თან ჩვენი მეზობლები.

პლუს ამას, ამ კავშირის მეშვეობით უფრო ადვილად შეიძლება სამაჩაბლოს და აფხაზეთის საკითხების მოგვარება. ეს უკვე ხალხს ესმის.

ევროკავშირი ამ საკითხებს ვერ მოგვიგვარებს. ევროკავშირს აქვს მოთხოვნები, რომ საქართველოში ოჯახის ინსტიტუტი ეჭვქვეშ დადგეს და რელიგია უნდა დასუსტდეს. ევროკავშირის მოთხოვნების შედეგად ბევრი უმსგავსობა შემოდის, რაც ქართველი ხალხისთვის ჯერჯერობით მიუღებელია.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): თუ ასე გაგრძელდა საქართველოს მიმართ ამერიკის, საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებისა და ევროკავშირის დამოკიდებულება, ევროკავშირში შესვლის მსურველთა რიცხვი თანდათანობით უფრო შემცირდება, ევრაზიულ კავშირში შესვლის მსურველთა რიცხვი კი გაიზრდება.

მთელი ჩემი შემოქმედებით და ჩემი პიროვნული არსით ევროპული ორიენტაციის კაცი ვარ, მაგრამ თუ ევროკავშირზე გული გამიწყრება, როგორც ვატყობ, ასეც ხდება, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პუტინის რუსეთისკენ შემოვტრიალდები.

ამ ევრაზიულ კავშირში შესვლის მსურველებმა გაიხსენონ, რომ საქართველოს ტერიტორიის ერთი მეოთხედი რუსეთს ოკუპირებული აქვს. გაიხსენონ, რომ მსოფლიოს წითელ ჯვარს რუსმა უფლება არ მისცა, გაუბედურებულ ლტოლვილებს დახმარებოდნენ და წითელ ჯვარს თუნდაც ჰაერიდან მათთვის სურსათ-სანოვაგე ჩაეყარა.

ისიც გაიხსენონ რუსეთის მომხრე ჩემმა თანამემამულეებმა, როგორი ცინიზმით ხდება საქართველოს მცოცავი ოკუპაცია და რუსი ჯარისკაცები როგორ იტაცებენ ისედაც შეჭირვებულ და გაუბედურებულ მწემსებს თავიანთი ეზოებიდან.

ამ წლების განმავლობაში რომ გვეგრძნო რუსეთის მხრიდან თუნდაც მცირეოდენი დათბობა და რომ დაგვენახა, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოსკენ შემობრუნება მართლაც სურს ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა, მოძრაობას სათავეში ჩავუდგებოდი, რათა ევროკავშირისთვის ხელი დაგვექნია.

მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება და ფხიზლად, ქართველნო, "ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე" ამ ანდაზას ნუ გაამართლებთ. რაც შეეხება ევროკავშირს, კარგად ვხედავ, რომ ამერიკა თითს თითზე არ აკარებს და არც ევროკავშირი საქართველოს წართმეული ტერიტორიების დასაბრუნებლად. მარტო ლაი-ლაი და მეტი არაფერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×