რუსეთმა ჩრდილოეთ ოსეთში სარაკეტო სისტემა "ისკანდერები" სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც ორშაბათიდან გრძელდება მასშტაბური რუსული სამხედრო წვრთნები, რაც, უსაფრთხოების სპეციალისტების განცხადებით, არის "მოსკოვის ძალის დემონსტრირება მუქარის ქვეტექსტით."
უფრო მეტიც, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთს საქართველო სჭირდება როგორც დერეფანი, ამიტომაც მთავარი მიზანია გორი-თბილისის მაგისტრალის დაუფლება-გაკონტროლება ახლო აღმოსავლეთში გავლენის გაძლიერების მიზნითა და საკუთარი სამხედრო ტვირთის გასატარებლად.
"სამწუხაროდ, ახლაც იმავე ზღვარზე ვართ, რაც იყო 9 წლის წინ, აგვისტოს ომამდე. მაშინაც კავკასიის წვრთნები დაიწყო ივლისში, რუსეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა რამდენიმე სამხედრო კონტინგენტი და დაიწყო პროვოკაციები. ახლა, შესაძლოა, გორი-თბილისის მაგისტრალის დაკავების რეალური საფრთხე შექმნას და შემდგომში ულტიმატუმი წამოაყენოს, რომ მაგისტრალის ნაცვლად რუსული სამხედრო ტვირთის გატარების ნებართვა მივცეთ," - შესაძლო სცენარზე საუბრობს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ეს წვრთნები არის ძალის დემონსტრირება მუქარის ქვეტექსტით.
"ეს წვრთნები იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც რუსეთი ბოლო წლებში ახორციელებს, ერთი მხრივ, ძალის დემონსტრირება და, მეორე მხრივ - მოსკოვი აქტიურად ავითარებს სამხედრო პოტენციალს, რაც დასავლეთმა, სამწუხაროდ, გვიან შეამჩნია და რეაგირებაც გვიან მოახდინა.
"რუსეთი აქტიურ სწავლებას ატარებს პერიოდულად და პერმანენტულად. კვირას არის დაგეგმილი ყველაზე მასშტაბური საზღვაო აღლუმი ბალტიისპირეთში და შემდეგ კადრებშიც ვიხილავთ, რამდენად მასშტაბურ საზღვაო სწავლებას ატარებს რუსეთი, ელცინის დროს კი ეს სამხედრო ხომალდები ნაპირებთან იჟანგებოდა," - ამბობს სალუქვაძე.
იგი ამბობს, რომ საქართველოში სამხედრო კონფლიქტის განახლების ფონს დღეს ვერ ხედავს, ამის ინდიკატორები არ ჩანს, თუმცა გამორიცხული არ არის, მოსკოვს რაღაც გარკვეული სცენარები ჰქონდეს, რათა რაიმე კონფლიქტი ააგოროს: "ჩვენ მშვიდად ყოფნის უფლება მაინც არ გვაქვს და ჩვენი თავდაცვისუნარიანობას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ."
რუსეთმა მასშტაბური წვრთნები რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დაიწყო. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ბრიგადა და სარაკეტო სისტემა "ისკანდერები" სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
რუსული მედია წერს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში დისლოცირებული ეს სარაკეტო ბრიგადა 2015 წლის დეკემბერშია ჩამოყალიბებული და მასთან ერთად საბრძოლო მზადყოფნაშია 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 40-ზე მეტი საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები "ისკანდერ-ემი", რომლის ტყორცნის სიშორე 500 კილომეტრია.
გარდა ამისა, ორშაბათიდან, 24 ივლისიდან, რუსეთის 58-ე არმიამ სამხედრო სწავლება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც დაიწყო. საერთო ჯამში, მასში 16 ათასი ჯარისკაცი და 4 ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსეთმა სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა, ასევე, ოპერატიულ-სტრატეგიული შენაერთი, მე-8 არმიის მთელი შემადგენლობა, რომელიც სწორედ უკრაინა-საქართველოსთვის შეიქმნა.
შავი ზღვის სამხედრო ფლოტის რუსული შენაერთიც საბრძოლო მდგომარეობაშია და რამდენიმე ლოკაციაზე დაწყებული ეს მასშტაბური წვრთნები, "ისკანდერების", ბრიგადების საბრძოლო მზადყოფნა "სამხედრო მუქარის აშკარა დემონსტრირებაა."
ექსპერტი ამბობს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და უკვე ჩანს, რომ საქართველოს ირგვლივ რუსეთი ახალ გეოსტრატეგიულ ალიანსს ქმნის. ეს წვრთნებიც ახლო აღმოსავლეთში რუსულ ინტერესებს უკავშირდება და, სამწუხაროდ, ამ ინტერესში მოსკოვის სამიზნე საქართველოცაა.
"მოსკოვმა არგუმენტად მოიყვანა, რომ სწავლება საქართველოში ნატოს ეგიდით დაწყებული წვრთნების საპასუხოდ დაიწყეს, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალური მხარეა, რეალური საბაბი კი ახლო აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო გაძლიერებაა.
"ამას უკავშირდება ის, რომ გუშინ მოსკოვში ჩავიდა ერაყის ვიცე-პრემიერი და რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმა, რაც რუსი ინსტრუქტორების მიერ ერაყის შეიარაღებული ძალების მომზადებას და 200-ზე მეტი ერთეული დამრტყმელი რუსული შეიარაღების შეძენას ითვალისწინებს. ერაყის ვიცე-პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთმა ერაყის გადარჩენაში თურმე დიდი წვლილი შეიტანა.
"პარალელურად, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან ანალოგიურ შეთანხმებაზე ლიბანიც თანახმაა. აშკარაა, რომ აშშ-ირანის ურთიერთობა იძაბება, იძაბება ვითარება ახლო აღმოსავლეთში და იზრდება რუსული სამხედრო მზაობა აღმოსავლეთის მიმართულებით.
"ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აქტიურობის გაზრდისა და პოზიციის გასაძლიერებლად რუსეთს სჭირდება საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია, როგორც ერთ-ერთი ძლიერი პლაცდარმი.
"საუბარი არ მაქვს იმაზე, როგორ აძლიერებს რუსეთი გავლენას ირანის მიმართულებითაც და გუშინ სი-ენ-ენმა გაავრცელა სკანდალური ცნობა, რომ რუსეთი ირანის მეშვეობით "თალიბანზე" იარაღს ჰყიდის. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტშია.
"ასევე, მთიან ყარაბაღში სიტუაცია დღითი დღე უარესდება და სამხედრო ინციდენტებმა ქრონიკული ხასიათი მიიღო, ამიტომაც აგვისტოში სერიოზული სამხედრო ოპერაციის განხორციელებაც მოსალოდნელია," - ამბობს მაისაია.
მისი განცხადებით, ფაქტობრივად, ჩვენ ირგვლივ არსებული ქვეყნები ძალიან უცნაურად არიან რუსეთთან გადაბმულები, რაღაც ალიანსი იკვრება. როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს, გააძლიეროს თავისი პლაცდარმი და საქართველოსთან "ისკანდერებით" მუქარაზეც გადავიდა.
"ისკანდერებს" შეუძლიათ თბილისამდე მოწვდენაც. ეს სისტემა რუსებს ჩვენთან 2008 წლის ომში უკვე გამოცდილი აქვთ. ამ სისტემით დაიბომბა ფოთის პორტი, გორის მიმდებარე ტერიტორიები და ახლა ჩრდილოეთ ოსეთში ეს სისტემები სწორედ საქართველოს წინაღმდეგ განათავსეს 2015 წლიდან.
"დღეს რუსეთის მთავარი იდეაა, დაიკავოს თბილისი-გორის მაგისტრალი და აქეთკენ მოიწევენ. ახლო აღმოსავლეთში გავლენის გაძლიერების მიზნისთვის რუსეთს საქართველო სჭირდება, როგორც დერეფანი საკუთარი სამხედრო ტვირთის გასატარებლად.
"მოსკოვს საქართველო სჭირდება მოსკოვი-თეირანი-ბაღდადის სამხედრო გეოსტრატეგიული სივრცის შესაკვრელად და აღმოსავლეთში სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად," - ამბობს მაისაია.ფანი საკუთარი სამხედრო ტვირთის გასატარებლად."