რეზონანსი
27.07.2017

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-ში გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტელეკომპანიის თანამშრომლის, გიორგი ლაფერაშვილის თქმით, შენობის იმ ნაწილში, სადაც ხანძარი გაჩნდა, თანამშრომლები აღარ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, არსებობს გარკვეული ეჭვები, რომლის გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

ტელეკომპანიის შენობაში ცეცხლი დაახლოებით 24:00 საათზე გაჩნდა. „რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო.

„რუსთავი 2"-ში მომხდარი ხანძრის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე საუბრობს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ სამონტაჟოების ერთი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან. მისი განცხადებით, სტუდიებში ძლიერი დაკვამლიანებაა. მისივე თქმით, იყო რისკი, რომ „კურიერის" კამერები დამწვარიყო, თუმცა თანამშრომლებმა მოახერხეს ტექნიკა უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ.

„რუსთავი 2"-ის შენობა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გამთენიისას დატოვეს. ისინი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობდნენ. გვიანობამდე სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამს ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია. ის „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, სადაც ხანძრის ლოკალიზების შესახებ იუწყება.

„როგორც მეუბნებიან (ამერიკაში ვარ), ერთი შეხედვით ზიანი დიდი არაა. თუმცა ხანძრის კერა სწორედ იქაა, სადაც ყველაზე მეტი საკომუნიკაციო კვანძია. ხვალ გვეცოდინება, რამდენად სერიოზულია ზიანი. ps პირდაპირი ეთერი არ შეწყდა, რადგან ეთერი დელისის შენობიდან იმართება. pps გამორიცხულია, მე ქვეყნიდან გავიდე და რ2ის თავს რამე არ მოხდეს - სარჩელი, ყადაღა, ინკასო... ახლა უკვე ხანძარი" , - წერს ნიკა გვარამია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×