(რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ ის უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის იბრძოლებს და დაბრუნდება კიდეც.
„მე უბრალო უკრაინელი ვარ. დღეს მე იგივეს განვიცდი, რასაც უკრაინის პროკურატურა და ბიუროკრატია იმ უკრაინელების წინააღმდეგ იყენებენ, ვისი უფლებებიც ილახება. უკრაინაში 13 წელზე მეტ ხანს ვიცხოვრე, მონაწილეობა მივიღე სამ რევოლუციაში, სამივე უკრაინაში. მე მხოლოდ ერთი მოქალაქეობა მაქვს, უკრაინის და არ ვაპირებ მის დათმობას. მე უფრო დიდი უკრაინელი ვარ, ვიდრე ახლანდელი დეპუტატების უმრავლესობა და ყველაფრის მიუხედავად, აქ, ჩვენს უკრაინაში, ბრძოლას გავაგრძელებ" , - აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილი აღნიშნავს,რომ მისთვის მოქალაქეობის შწყვეტაზე ხელის მოწერით პოროშენკო კონსტიტუციას უპირისპირდება, რომლის გარანტიც ის თავად უნდა იყოს. საქართველოს ექსპრეზიდენტი არ გამორიცხავს,რომ ივანიშვილმა და პოროშენკომ საქართველოში ოლიგარქიულ შეთანხმებას მიაღწიეს და მისი მოქალაქეობაც გადაწყვიტეს.
„მათ მოიფიქრეს, რომ ვითომ ჩემს საქმეში ახალი მტკიცებულება გაჩნდა და გადაეცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას. მაგრამ ეს არის ტყუილი. რაც შეეხება ბრალდებებს, ის არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, გარდა საქართველოსი" , - აცხადებს ოდესის ყოფილი გუბერნატორი.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პირადად მიმართავს და ამ გადაწყვეტილების გამო არჩევნებში მარცხს უწინასწარმეტყველებს.
„კარგი, პოროშენკო, მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ ცუდი მრჩეველები გყავს. ამ განკარგულებით შენ და შენი მთავრობა გარდაუვალ მარცხამდე მიხვალთ. აქამდე თუ შეგეძლო არჩევნებამდე დრო გაგეყვანა, ახლა მხოლოდ ოცნება შეგიძლია მასზე.დღეს შენ, პეტრო ალექსეევიჩ პოროშენკო, წითელი ხაზი გადაკვეთე" , - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.