(რეზონანსი) „რუსთავი 2"-ში ღამით გაჩენილმა ძლიერმა ცეცხლმა სტუდიური დეკორაციებისა და კომუნიკაციების ნაწილი დააზიანა. მოკლევადიანი შეფერხება შეექმნა არხის მაუწყებლობასაც. შენობაში კვამლის სუნი ამ დრომდე იგრძნობა. ხანძარი ტელევიზიის მთავარი სტუდიების დამაკავშირებელ ტერიტორიაზე გაჩნდა.
„დაზიანებული არის აპარატურის ერთი ნაწილი, დეკორაციების ერთი ნაწილი, რომელიც ინახებოდა აქ, ასევე, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებისათვის სპეციალიზირებული განათება" , - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძის თქმით, შესაძლებელი იყო ხანძარს მთავარ ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენამდე მიეღწია, რომელიც არხის მაუწყებლობას უზრუნველყოფს.
„ამ ხანძრის კერიდან დაახლოებით 5 მეტრი არის მთავარ ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენამდე, რომელიც აკავშირებს „რუსთავი 2"-ის ცენტრალურ ოფისს ე.წ დელისის ოფისთან, რომელიც არის არხის მაუწყებლობის მთავარი არტერია. ეს კაბელი არის გადარჩენილი, რომლის დამსახურებითაც ჩვენ ვახერხებთ ახლა მაუწყებლობას. ალბათ, რამდენიმე წუთიც რომ გაგრძელებულიყო ხანძარი, ბუნებრივია, მთელი ეს კომუნიკაცია დაიწვებოდა და ეთერში გასვლას ვეღარ მოვახერხებდით" , - აცხადებს ნოდარ მელაძე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.