(რეზონანსი) წაღვერის ტყეში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. თუმცა, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები და მეტყევეები, რომლებიც ლოკალურ ადგილებზე მუშაობენ.
ხანძრის კერების ჩაქრობის სამუშაოები დღეს დილის 6 საათიდან განახლდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება უკვე აღარ არსებობს. არსებული ინფორმაციით, ხანძარმა 2 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა.
ცეცხლის ჩასაქრობად გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრეები, ადგილზე მუშაობდა ავიაცაც.
„მიმდინარეობს აქტიურად სალიკვიდაციო სამუშაოები. გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. არც საფრთხე ემუქრება მოსახლეობას და დამსვენებელს. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე საათში მთლიანად ლიკვიდირებული იქნება ხანძარი," - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ.