(რეზონანსი) სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წელს, კახეთში ფერმერებს ყურძენზე სუბსიდირებას არ მისცემენ. მინისტრის თქმით, სუბსიდირება იქნება რაჭაში ხვანჭკარასთვის, ხოლო ბრენდის მწარმოებელი კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რქაწითელასა და მწვანეზე.
„ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის ქვეყანაში გაზრდილი. წნეხი სახელმწიფოს მიმართ დახმარების კუთხით შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ორგანიზებულად ჩაივლის რთველის პროცესი და კერძო სექტორიდან იქნება დაინტერესება. შესაბამისად, კომპენსაციები სახელმწიფოს მხრიდან საჭირო არ იქნება ძირითადი ინდუსტრიული ჯიშის ყურძნებზე, როგორც საფერავზე ისე რქაწითელსა და მწვანეზე" , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სუბსიდიები იქნება რაჭაში, სადაც ხვანჭკარასთვის განკუთვნილ კლიმატურ ზონაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისთვის ერთ კილოგრამზე ფერმერები მიიღებენ 2 ლარს. მინისტრის თქმით, სუბსიდირებისთვის ბიუჯეტში 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.