საბაჟო გადასახადის გვერდის ავლით ტვირთის შემოტანის მცდელობა საკმაოდ ხშირია. პარალელურად, გაზრდილია საგამოძიებო სამსახურის მხრიდან კონტროლი და პრევენციაც. აღნიშნული სახის დანაშაული აზიანებს როგორც მოქალაქეების და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე ხელს უშლის ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას.
ბოლო წლებში, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელის აქციზის ზრდის პარალელურად, იმატა მეზობელი ქვეყნებიდან ამ პროდუქციის კონტრაბანდის ფაქტებმაც. ასევე, ხშირია ძვირფასი ლითონის ნაკეთობების, მედიკამენტებისა და სხვა პროდუქციის საბაჟო გადასახადების გვერდის ავლით შემოტანის მცდელობა.
ამ ფონზე გაზრდილია საგამოძიებო სამსახურის აქტივობაც, სადაც პერიოდულად მუშავდება კონტრაბანდის ყველაზე გავრცელებული ხერხების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მიდგომა და სტრატეგია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კახაბერ ხურცილავა "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა გაააქტიურა საქმიანობა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.
"საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა გააძლიერა არა მარტო კონტროლი და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ პრევენციული ღონისძიებებიც.
ჩვენ ვცდილობთ, რომ დანაშაულთან ბრძოლის ღონისძიებები მაქსიმალურად ეფექტური იყოს და მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის პრევენციის კუთხით. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები იცავს სახელმწიფო ბიუჯეტს დანაკარგებისგან, რადგან ყოველი კონტრაბანდული საქონლის შემოტანა და რეალიზაცია, გადასახადებისაგან და საბაჟო მოსაკრებლებისგან თავის არიდება მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის თვალსაზრისით, მომეტებული რისკის შემცველი სასაქონლო ჯგუფებია მცირეგაბარიტიანი, მაგრამ ფასიანი საქონლის საქართველოში კონტრაბანდულად შემოტანა. მისი საზღვარზე გადმოტანა შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილი სხვადასხვა სამალავის გამოყენებით. აღნიშნული ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად მუშაობს," - აცხადებს კახაბერ ხურცილავა.
ბოლო დღეებში მასშტაბური კონტრაბანდის მორიგი ფაქტი გამოვლინდა. 2017 წლის 16 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა ჯგუფი, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო წესის დარღვევით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - ეთილის სპირტის შემოტანა-რეალიზაციას ახორციელებდა.
დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი, რომელთაგან ერთი - რუსეთის, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქეა. ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით იმპორტირებული 28 000 ლიტრი სპირტი და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, უკანონოდ იმპორტირებული სპირტის საბაზრო ღირებულება 347 388 ლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბრალდებულები ცდილობდნენ ისეთი საბაჟო რეჟიმის შერჩევას, რომლითაც გადასახადის გადახდას თავს აარიდებდნენ.
"მათ მიერ შეიცვალა საბაჟო რეჟიმი. კერძოდ, შერჩეულ იქნა რეექსპორტის საბაჟო რეჟიმი, რომელიც არ ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ისინი ცდილობდნენ, აესახათ საქონლის საქართველოდან გატანა რეექსპორტის ფარგლებში და ამ გზით თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდისათვის", - აცხადებს ირაკლი ქართველიშვილი.
გარდა კონტრაბანდასთან ბრძოლისა, საგამოძიებო სამსახური სხვა მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს კახაბერ ხურცილავას თქმით, ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც მიმართულია სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შემავალი ყველა სახის დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"საგამოძიებო სამსახურში არსებობს საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელიც სხვა ქვედანაყოფებთან კოორდინაციით ააქტიურებს ანალიტიკურ და ოპერატიულ მუშაობას ახალი და ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი დანაშაულებრივი სქემების გამოსავლენად.
რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, შეიძლება გამოიყოს ისეთ დანაშაულთან ბრძოლა, როგორებიცაა:
- ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება;
- მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;
- ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება;
- გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება;
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა;
აღნიშნული სახის დანაშაული აზიანებს როგორც მოქალაქეების და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე, ხელს უშლის ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას. ჩვენ სრული მოცულობით ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით," - განუცხადა "რეზონანსს" კახაბერ ხურცილავამ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პერიოდულად ამუშავებს კონტრაბანდის ყველაზე გავრცელებული ხერხების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მიდგომას და სტრატეგიას. საგამოძიებო სამსახურში არსებობს საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელიც სხვა ქვედანაყოფებთან კოორდინაციით ააქტიურებს ანალიტიკურ და ოპერატიულ მუშაობას ახალი და ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი დანაშაულებრივი სქემების გამოსავლენად.