გვანცა წულაია
28.07.2017

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება შეეცდება, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოახდინოს.

"დიდი ალბათობით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას და შეეცდება, მოახდინოს ექსტრადირება საქართველოს მესამე პრეზიდენტის. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმიტომ, რომ ის დაზიანებული რეპუტაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, პოლიტიკური დევნის შედეგად კიდევ უფრო იქნება დაზიანებული. საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ამ მცდელობის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდება," - ამბობს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ საიმიგრაციო სამსახურმა წარადგინა სარწმუნო ფაქტები მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას არასაიმედო ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეობის საკითხებში პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ და პრეზიდენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ურჩია.

შეეცდება თუ არა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  მისი ექსტრადირება მარტივი საკითხი არაა, რადგან ეს სხვა სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. თუ სააკაშვილი რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებს ან თავშესაფარს მისცემენ, მაშინ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გართულდება. მსოფლიოში არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც გარკვეულ ფასად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს აძლევენ პოლიტიკურ თავშესაფარს, მოქალაქეობას და ა.შ. საერთოდ, სააკაშვილი ამერიკული პროექტი იყო. იგი ხელისუფლებაში ამერიკელებმა მოიყვანეს. იგი ამჟამად ამერიკაშია. ამერიკაში რამდენიმე შემთხვევა გვაქვს იმისა, რომ ის ადამიანები გაწირეს, რომლებიც ხელისუფლებაში მოიყვანეს. ამიტომ ვნახოთ, მას როგორ მიუდგებიან. პროცესს უნდა დაველოდოთ. ვფიქრობ, სააკაშვილს აქვს საკმაო რესურსები, გარკვეული გავლენა და ფინანსური შესაძლებლობაც, რომ რომელიმე ქვეყანაში მოქალაქეოქა ან პოლიტიკრი თავშესაფარი მიიღოს. შესაძლოა, ეს საკითხი გადაიდოს.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): რისთვის? ამდენი დამნაშავე აქ ჰყავთ და ისინი არ გაუსამართლებიათ. ჯერ ესენი გაასამართლონ, ვინც აქ ჰყავთ.

ანა რატიანი (ჟურნალისტი): ვინაიდან სახელმწიფოს მასზე სისხლის სამართლის საქმე აქვს დაწყებული, რა თქმა უნდა, ექსტრადირებული უნდა იქნეს. ძალიან ბევრი საკითხია, რის გამოც სახელმწიფო ედავება, ამიტომ მისი ექსტრადიცია უნდა მოხდეს. ამის შემდგომ კი სასამართლო გაარკვევს, სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა.

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ხელისუფლება მის ექსტრადირებას ალბათ შეეცდება, მაგრამ ამან შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება გაართულოს. დასამალი არ არის, რომ მას მომხრეები ჰყავს და ისინი მისი ინტერესების დაცვას ეცდებიან. ექსტრადირება პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას გამოიწვევს.

 

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება მის ექსტრადირებას ეცდება. მგონია, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა რამდენად გამოუვათ, ეს უკვე სხვა საკითხია. პროკურატურამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ძალიან უსუსურად იმუშავა. მაშინ მისი ბებიის მანქანა, ბინა და პალტოები წარადგინეს. ამის ფონზე ვერავის ექსტრადირებას ვერ მოითხოვ. თუმცა მოქალაქეობის გაუქმების პერიოდში ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირებას შეეცდება. მგონი, რომ უკრაინისთვისაც საკმაოდ რთული თემაა და არა მგონია, მოქალაქეობის გაუქმებამ მარტივად ჩაიაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×