რეზონანსი
28.07.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმე საქალაქო სასამართლოში დღეს ნივთმტკიცებების წარმოდგენით გაგრძელდა. ბრალდების მხარემ მომწამვლელი ნივთიერება და ის იარაღი წარმოადგინა, რომელიც მამალაძის სახლიდან ამოიღეს.მტკიცებულებებში ადვოკატების ის საჯარო განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა სატელევიზიო მედიასაშუალებებით ავრცელებდნენ, წარმოდგენილი არ არის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ გამოძიების ეტაპზე შეზღუდულები იყვნენ, რადგან გაუთქმელობაზე ხელი აქვთ მოწერილი. გარდა ამისა, საქმეშია მიხეილ რამიშვილის საჯარო განცხადებებიც, რომელსაც გიორგი ფანცულაიასგან განსხვავებით, გაუთქმელობის ხელწერილი არ ჰქონდა.

პროკურატურის თქმით, საჯარო განცხადებების გამოკვლევას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, ბრალდების მხარეს უნდა ეჩვენებინა, რომ დაცვის მხარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს შეზღუდული არ იყო.

„დღე არ გავიდოდა, რომ არ გამოსულიყვნენ ტელევიზიებით და არ ეთქვათ მათთვის სასურველი რაღაცები. თითქოს გაუთქმელობა უშლიდათ ხელს, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. ისინი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლებიან" , - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე გამოიკვლიეს ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც დეკანოზ მამალაძის გადაადგილებას უკავშირდება და ამ მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ გარკვეული თანხა გადაუხადა გარკვეულ ადამიანს, თუმცა, რა შეიძინა ამ თანხით, ჯერჯერობით დადგენილ არ არის.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული ნამდვილად ამზადებდა და მოამზადა ანგარებით, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა და მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხსასროლი იარაღი" , - აღნიშმა ბრალდების მხარემ.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს დეკანოზის ბრალეულობას.

„არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგვიტანია საჯაროდ, ისეთი რომელიც გამოძიებას ხელს შეუშლიდა. როცა მათ ვიდეო კადრების გარკვეული ნაწილი გაასაჯაროვეს და პირიქით, მათ მოეთხოვებოდათ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა და ასე რომ ვთქვათ, მიმდინარეობს დეტალური გამოკვლევა საქმის მტკიცებულებებზე" , - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×