რეზონანსი
28.07.2017

 (რეზონანსი) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მომდევნო კვირიდან განახლდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვირის დასაწყისში რუსული, გერმანული და ფრანგული ენებისა და მათემატიკის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება. დანარჩენი საგნების შედეგები გასწორების პროცესის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

"შესაძლოა, 31 ივლისსაც დაიდოს უცხო ენების გამოცდის პასუხები, ამის შემდეგ მალევე გამოქვეყნდება მათემატიკის გამოცდის შედეგებიც", - განმარტავს გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - ივა მინდაძე.

მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა გამოცდის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე გეგმავს.

მას შემდეგ რაც, გამოცდების პირველადი შედეგები გახდება ცნობილი აპელაციის პროცესიც დაიწყება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, ნაწილი გამოაკლდა იმის გამო, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. საბოლოოდ, გამოცდებში დაახლოებით 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 3% გამოცდაზე არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება გუშინ, 27 ივლისს დაიწყო.

გუშინ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგი გამოქვეყნდა, რის მიხედვითაც გამოცდებს 5000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×