ეკატერინე ბასილაია
29.07.2017

 კომკავშირლები, მედროვეები, "ნაციონალებიდან" პორტირებულები - გიორგი მარგველაშვილმა ამ სიტყვებით შეამკო "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებიც მისგან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის, დაგმობას ითხოვდნენ და მისმა ამგვარმა განცხადებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ისედაც ქრონიკულად მწვავე ურთიერთობა უკიდურესად გაამწვავა. შედეგად კი, მომავალში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, პრეზიდენტის წარმომადგენლის - ანა დოლიძის პარლამენტში გამოსვლისას მმართველი პარტიის წევრებმა დარბაზი დატოვონ.

გიორგი მარგველაშვილსა და "ოცნების" დეპუტატებს შორის დაწყებული ეს მორიგი მწვავე დაპირისპირება გუშინ უკვე ეპისტოლარულ ჟანრში გადავიდა. "ოცნების" დეპუტატებმა პრეზიდენტს წერილობით ანა დოლიძისგან პარლამენტის შეურაცხყოფის გამო რეაგირება მოსთხოვეს, პრეზიდენტმა კი მათ საპასუხო წერილით უთხრა, რომ ის ანა დოლიძით ამაყობს.

"მინდა, შეგახსენოთ, რომ ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი, არც "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულია "ქართულ ოცნებაში" და არც მედროვე," - ერთგვარი ქილიკით მიანიშნა მარგველაშვილმა "ოცნების" წევრებს.

აპირისპირების ეს ტალღა 26 ივლისს აგორდა, როდესაც რიგგარეშე სესიაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, მიუთითა, რომ მისი მოსაზრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და, როგორც საჯარო მოხელეს, პოლიტიკოსის, ანუ ირაკლი კობახიძის კრიტიკის უფლება არ ჰქონდა. თან, კობახიძემ ერთგვარი ხაზგასმული ცინიზმით ანა დოლიძე "ბატონო გიორგითიც" მოიხსენია.

ანა დოლიძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის "შარიკოვი".

სწორედ ამ შეფასებამ გამოიწვია "ოცნებაში" დიდი აღშფოთებაც და საგანგებო განცხადების გავრცელებაც, სადაც წერია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუციებს შორის ურთიერთობის ნორმები და ამ ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია პრეზიდენტის რეაქცია, რომელმაც სესიის მეორე დღეს თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები არღვევენ პარლამენტთან ურთიერთობის ნორმებს და შეურაცხყოფას აყენებენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, რაც ცხადყოფს, რომ პროცესი არის წახალისებული და მართული პრეზიდენტის მხრიდან," - წერია "ოცნების" განცხადებში, რომელიც მთავრდება მოწოდებით, მარგველაშვილმა მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა.

ამ განცხადებას მოჰყვა პრეზიდენტის ვრცელი წერილიც. მისი შეფასებით, ანა დოლიძე ღირებული ფასეულობების მქონე ადამიანია და ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების დროს, ბევრისგან განსხვავებით, არასოდეს გაჩუმებულა და არ შეშინებია პრინციპული პოზიციის გამოხატვა.

"ანა დოლიძისნაირი უშიშარი, პრინციპული, პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და არა ისინი, რომლებიც ერგებიან ნებისმიერ მთავრობას, რთულ ვითარებებში კი საკუთარი სიჩუმის გადაფარვას აგრესიით და თავდასხმებით ცდილობენ," - აცხადებს პრეზიდენტი და ამით ირიბად უმრავლესობის იმ ლიდერებზე მიანიშნებს, რომლებიც "ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუერთდნენ და არა ოპოზიციაში ყოფნისას.

მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდნენ.

"ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან გაქცევა ახალი არ არის," - წერია განცხადებაში.

პრეზიდენტის ამ განცხადებამ "ოცნების" წევრების კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია.

ეკა ბესელიას თქმით, დიდი ხანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მათთან ღია კონფრონტაცია დაიწყო, დოლიძის განცხადება და პრეზიდენტისგან მისი დაცვა კი კონსტიტუციის უპატივცემლობაა, რაც დაუშვებელია.

დავით მათიკაშვილის თქმით, პრეზიდენტი თავის თავს იმის უფლებას აძლევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებაში უზრდელობისა და არაეთიკური გამონათქვამების ავტორს ხელი დააფაროს.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ "ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის ამგვარი პოლემიკა ლამის ნორმად იქცა და ამგვარი ურთიერთობა დამაზიანებელია როგორც ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, რადგანაც საზოგადოებაში ეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნიჰილიზმს იწვევს.

"თუ ხელისუფლების სურვილია, მოსახლეობაში უნდობლობა გაჩნდეს ისედაც მწირი ნდობის პირობებში სახელმწიფოსადმი, ამ მიზანს მიაღწევენ, მაგრამ როდესაც ასეთი რამ ხდება, შემდეგ იწყება ისეთი პროცესები, რაც, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის არ არის სასურველი. ამიტომ კორექტულობა ყველაზე მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის წარმომადგენელი ახმოვანებს პრეზიდენტის ვეტოს და ამიტომაც ამის გამო ბატონო გიორგითი მიმართვა კორექტული არ არის, თუმცა შემდეგ დოლიძის განცხადებაც არ ყოფილა მთლად კორექტული. ეს პოლემიკა წამგებიანია ქვეყნისთვისაც და თავად პერსონალიებისთვისაც," - აღნიშნავს ძაბირაძე.

მისი თქმით, ასევე, გაუგებარია უმრავლესობის მოთხოვნაც.

"ვერ გავიგე, რა ულტიმატუმს უყენებს პარლამენტი პრეზიდენტს. პარლამენტს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატის შეცვლა მოითხოვოს, ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შეჭრაა. თუ ბოიკოტს გამოუცხადებენ დოლიძეს, ეს იქნება ბოიკოტი პრეზიდენტისადმი, რაც აბსურდულად მეჩვენება. ნუთუ ხელისუფლებაში სახელმწიფოებრიობის განცდა არავის აქვს?! ან რა მოდაა, როდესაც პარლამენტის სპიკერთან შელაპარაკების გამო მთელი უმრავლესობა გამოდის დამცველად?! გვერდიდან ეს იმდენად აბსურდული და იმდენად მეორეხარისხოვანია იმ პრობლემებთან შედარებით, რა პრობლემებთანაც უწევს მოსახლეობას გამკლავება, რომ გამოგონილ თავშესაქცევ შოუს ჰგავს. ინსტიტუციებს შორის ურთიერთობა შოუდ არ უნდა გადააქციონ," - დასძენს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×