რეზონანსი
29.07.2017

 (რეზონანსი) მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი" ფოთის პორტში აშშ-ის ტექნიკის მორიგი ნაწილი შემოვიდა. სამხედრო სწავლებაში მონაწილე ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებს და მხარდამჭერ ტექნიკას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე - პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ლოგისტიკის ოფიცრებთან ერთად დახვდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი" საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს.

"სწავლებაში მონაწილეობისთვის ტექნიკის პარალელურად ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას",- ამბობენ თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ "ღირსეული პარტნიორი 2017" ოფიციალურად ვაზიანის პოლიგონზე 30 ივლისს გაიხსნება. ეს არის ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება, რომელიც ამ დრომდე საქართველოში ჩატარებულა. აღნიშნული საქართველოში წელს მესამედ იმართება, სადაც ნატოს წევრი 5 და 3 პარტნიორი ქვეყნის 2800 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×