(რეზონანსი) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ყარაფილას გადასხვევთან აქცია პერფორმანსი დილიდან მიმდინარეობს, სახელწოდებით - "ფრთხილად, ოკუპანტია!"
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები, რომელბზეც აღნიშნულია, რომ 400 მეტრში რუსი ოკუპანტები დგანან. ერთ-ერთ ბანერზე წერია - "შორს ხელები და მავთულხლართები საქართველოდან".
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ყველას, ვინც თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მგზავრობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალით, შეუძლიათ შეჩერდნენ ყარაფილას გადასხვევთან და მონაწილეობა აქციაში მიიღონ.
"ეს ის ადგილია, საიდანაც უნდა დაიწყოს სადეოკუპაციო მოძრაობა. ჩვენი ბრძოლა ერთჯერადი ვერ იქნება, ჩვენ ჩავებით დიდ ბრძოლაში, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ქაცარავა.
ეს აქცია პერფორმანსი ორგანიზებულია იმ პირების მიერ, ვინც რამდენიმე დღის წინ ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირება დაიწყო. სამოქალაქო პატრულირების ორგანიზატორების განცხადებით, ყოველდღიურად 3 ადამიანისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი დააკვირდება საოკუპაციო ძალების აქტივობას მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც მავთულხლართების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადაადგილება-ინსტალაციას გულისხმობს.