(რეზონანსი) „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ხარაგაულის სოფელ ბეჟუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადაბას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია სრულად დაფარავს დაშავებული მუშის მკურნალობის ხარჯებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მის სწრაფ გამოჯანმრთელებას.
„29 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მდებარე მე-7 გვირაბის მშენებლობის დროს, ორი მუშა დაშავდა. მათ შორის, ერთ-ერთმა, მსუბუქი დაზიანება მიიღო და მედიკოსების მხრიდან გაწეული, შესაბამისი დახმარების შემდეგ, საავადმყოფოდან გაეწერა. მეორე მუშა-თამაზ ტალახაძე, რომელმაც ქვების ჩამოცვენისა და პლატფორმიდან ჩამოვარდნის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო, ხაშურის საავადმყოფოში გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გადაყვანილია თბილისში, კლინიკა „ლანცეტში", სადაც ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებს",- ნათქვამი განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული და ისინი შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფილნი იყვნენ. ასევე ამბობენ, რომ გვირაბის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ გვირაბის საექსკავაციო ნაწილში მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის ნაწილის გამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა. ამასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.