(რეზონანსი) ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ხვალ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017" ოფიციალურად გაიხსნება. "ღირსეული პარტნიორი 2017" საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა მიიღებს მონაწილეობას.
„პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი" ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები", ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" და „სტრაიკერი", ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, უწყების ცნობით, სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017" ხვალიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება.