(რეზონანსი) მეხუთე დღეა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებთან მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორი დავით ქაცარავა და სხვა წევრები, სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიას აკვირდებიან. სამოქალაქო პატრულირებას სპეციალური აღჭურვილობით სოფელ ნიგოზასთან აწარმოებენ.
„დადგინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია იდეის გარშემო გაერთიანება და რეალური მოქმედების დაწყება. შეგვიძლია სწორად დაგეგმარება მოქმედების და შემდგომ განხორციელება" , - აღნიშნავს დავით ქაცარავა.
მოძრაობამ „ძალა ერთობაშია" მშვიდობიანი აქცია 24 ივლისიდან დაიწყო. 23 ივლისს, ყარაფილას სიახლოვეს, რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხნული გაავლეს. იმ მხარეს, რომელსაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს, ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოჰყვა.
აქციის ორგანიზატორები 8 აგვისტოს საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების მობილიზებასა და ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას აპირებენ. ამ აქციით ისინი რუსეთის ოკუპაციას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.