(რეზონანსი) რუსეთში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება. ეს ქმედება ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა.
შემცირებულ სიაში როგორც დიპლომატები, ასევე ტექნიკური პერსონალი მოხვდნენ. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების რაოდენობა შეერთებულ შტატებში რუსი დიპლომატების რაოდენობას გაუტოლდება და 455 ადამიანს შეადგენს.
მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონში „სამწუხარო" უწოდეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები საპასუხო ქმედებას განიხილავს. რექს ტილერსონის უწყებაში აღნიშნეს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება გაუმართლებელ ზომად მიაჩნიათ და საპასუხო ნაბიჯებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას „ტვიტერზე"ეხმაურება. როგორც მაიკლ მაკფოლი წერს, აშშ-ს რუსეთში 755 დიპლომატი არ ჰყავს.
აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი ახალ სანქციებზე რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. დოკუმენტს 98-მა სენატორმა დაუჭირა მხარი 2-ის წინააღმდეგ. 25 ივლისს, ახალ სანქციებს აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე ინიციატივამ როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შემდეგ დოკუმენტი მხარდასაჭერად სენატს გადაეგზავნა.
სანქციები შეეხება ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებს. სანქციების მიზანი პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. სენატის მიერ ანტირუსული სანქციების მხარდაჭერას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.