(რეზონანსი) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტს მნიშვნელოვანად აფასებს. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ამერიკა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია.
„ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში, საქართველოსთან ერთად იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი" , - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმშია.
რამდენიმე საათში საქართველოს ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ეწვევა. მაიკ პენსს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:00 საათისთვის მეუღლესთან ერთად ელოდებიან.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს ახალი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის საქართველოში პირველი ვიზიტია. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება.