(რეზონანსი) ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო საპასპორტო სამსახურმა ე.წ. ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში მორიგი ცვლილება შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ე.წ. დოკუმენტის აღების მსურველებისთვის „ტალონების სისტემა" ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მოხდება საბუთების ჩაბარება და „მოწმობების" გატანა, თუმცა ოკუპირებული რეგიონის მედია არ აკონკრეტებს, სად და როგორ გაიცემა ე.წ. ტალონები.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში, ე.წ. ბინადრობის მოწმობის გასაცემად 689 პირის საქმე განხილვის პროცესშია, მთლიანად კი 35 ე.წ. ბინადრობის მოწმობაა გაცემული. აქედან 23 - ოკუპირებულ გალში, ორი - ტყვარჩელისა და 10 - ოჩამჩირის რაიონში.
29 ივლისს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პასპორტებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით ე.წ. საგანგებო სხდომა გამართა. ხაჯიმბამ ყველა ე.წ. სამსახურის წარმომადგენელს საგანგებო დავალება მისცა, დააჩქარონ მოსახლეობის ე.წ. პასპორტიზაცია.