გაჩერება საქართველო - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მხარში დგომას უცხადებს
ეკატერინე ბასილაია
01.08.2017

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ახალი ადმინისტრაციის მეორე პირი, თბილისშია. იმ ფონზე, როდესაც რუსული საფრთხე ძალიან მაღალია და მცოცავი ანექსია ყოველდღიურად გრძელდება, აშშ-ის მეორე პირის ვიზიტს ორმაგად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება.

ეს ტურნე ფასდება როგორც აშშ-ის გვერდით დგომის ღია მესიჯი და ასევე იმის დადასტურებაც, რომ ვაშინგტონი რუსეთის მიერ საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გავლენიანი პირი აღმოსავლეთ ევროპულ ტურნეს პირველად მართავს და პირველსავე ჯერზე მასპინძელ ქვეყნებს შორის, ესტონეთსა და მონტენეგროსთან ერთად, საქართველოც მოხვდა.

რა გზავნილები აქვს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, გაირკვევა დღეს, გიორგი კვირიკაშვილთან და ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ.

თუმცა თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე მაიკლ პენსის მხარდამჭერი განცხადება უკვე ცნობილი იყო: ვიზიტის მთავარი გზავნილი არის ის, რომ აშშ დგას როგორც ბალტიის ქვეყნების, ასევე საქართველოსა და მონტენეგროს გვერდით.

"თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ ვართ და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად," - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ესტონეთში.

გარდა ამისა, პენსმა ისაუბრა იმაზე, რომ "არ არსებობს იმ საფრთხეზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ის აგრესია, რომელიც რუსეთიდან მოდის".

"დღეს რუსეთი ცდილობს, შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ძალის გამოყენებით, ძირი გამოუთხაროს სუვერენული სახელმწიფოების დემოკრატიას და ხელი შუწყოს ევროპის დაყოფას, დაუპირისპიროს ქვეყნები ერთმანეთს.

"პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით, აშშ ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას, მუქარას, წნეხს ბალტიის სახელმწიფოებსა და ჩვენს ნებისმიერ მოკავშირეზე," - განაცხადა პენსმა.

საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტს დაემთხვა აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები რუსეთთან მიმართებით, კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ახალი მწვავე სანქციების დაწესებას, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მალე მოაწერს.

ამ დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც, როგორც რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანა.

ასევე, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები - "ღირსეული პარტნიორი" ვაზიანში და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისას ნატოს ჯარისკაცების ყოფნა კიდევ ერთი სიმბოლური სიგნალია რუსეთისადმი, რომ აშშ საქართველოს პარტნიორი და მხარში მდგომია.

საყურადღებოა ისიც, რომ ამ ტურნეს 2 ქვეყანა, ესტონეთი და მონტენეგრო, უკვე ნატოს წევრია და ამიტომაც მოლოდინია, რომ ვიცე-პრემიერი საქართველოში ყოფნის დროს ჩვენ მიმართ ალიანსის მხარდაჭერასაც ღიად კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად თბილისში გუშინ საღამოს ჩამოფრინდა. მას აეროპორტში პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დახვდა. საღამოს პრემიერსა და პენსის სამუშაო ვახშამი შედგა მთაწმინდაზე.

აეროპორტში და ასევე პუშკინის ბაღში ამერიკელ სტუმარს მოქალაქეებიც შეხვდნენ იმის ხაზგასასმელად, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და სწორედ ამას უკავშირდება მათი ასეთი დახვედრა.

ოფიციალური შეხვედრები კი დღეს, დილიდან, დაიწყება. დილით კვირიკაშვილისა და პენსის შეხვედრა გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციაში, შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებებით გამოვლენ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, შეხვდება სწავლება "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიმართავს მათ.

ამერიკელ სტუმარს სიონში პატრიარქი ილია ||-ც უმასპინძლებს. იგეგმება პენსის შეხვედრა რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერთან, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიასთან, "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძესთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ შალვა შავგულიძესა და "შენების მოძრაობის" ლიდერ დავით უსუფაშვილთან.

ამერიკელ მაღალჩინოსანთან მიწვეულ ოპოზიციონერთა შორის ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი არ აღმოჩნდნენ.

ოპოზიციონერები ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, ოლიგარქიულ მმართველობასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ.

ვიზიტი 1-ელ აგვისტოს დასრულდება. საქართველოდან პენსი მონტენეგროში გაემგზავრება. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილის თქმით, მაიკ პენსის ვიზიტი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილი ოკუპანტისთვის იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია.

ეს არის მესიჯი, რომ არასოდეს არ შერჩებათ ის ქმედებები და პოლიტიკა, რასაც ახორციელებენ სუვერენული ქვეყნის - საქართველოს წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში, საქართველოსთან ერთად, ისეთ ქვეყნებში იმართება, როგორებიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველო აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი.

"ამაზე ის გზავნილიც მეტყველებს, რაც ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის მოკავშირეები არიან და ამერიკა ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად დარჩება," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ საჭიროა, საქართველომ ეს მხარდაჭერა სასიკეთოდ გამოიყენოს.

"წინა ხელისუფლების პირობებში, ასეთი ვიზიტების შედეგად ვიღებდით ორმხრივი პროგრამების გაუმჯობესებას, მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი საკითხების გაზრდას ხშირ შემთხვევაში. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსური დახმარება ამერიკიდან.

"ახლა ეს ყველაფერი აღარ არის, ან არის ძალიან დაბალ დონეზე. კარგია, ამერიკელები ამას რომ აკეთებენ, მაგრამ ცუდია, რომ ჩვენ ამ დრომდე ვერაფერში გამოვიყენეთ, ჩვენი მუშაობა ამერიკელებთან ვერ გამოიხატა ვერაფერ კონკრეტულში," - აღნიშნავს ხარშილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×