საქართველომ შეძლო არაჩვეულებრივი წინსვლა გასული 5 წლის განმავლობაში და ეს მნიშვნელოვანი პროგრესი გაამყარებს ნატოს წევრობის განაცხადს; საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული; მხარს გიჭერთ თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი; ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ... - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს გზავნილები დატოვა თბილისში ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.
რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისგან დაცვა და ნატო-ში გაწევრიანება - ეს არის საქართველოს უსაფრთხოების მთავარი საკითხები და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მეორე პირის ყველაზე მკაფიო განცხადებებიც სწორედ ამ ორ მთავარ საკითხზე გაკეთდა და ოფიციალური თბილისის თუ ექსპერტების დიდი ნაწილის დიდი კმაყოფილებაც გამოიწვია.
ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის მხარდაჭერა უცვლელია და აშშ მზადაა, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა.
განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ს წევრობისადმი და გააგრძელებენ მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა გაფართოვდეს და გაძლიერდეს საქართველოს ნატო-სთან დაახლოება და საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდეს.
"საქართველომ განიცადა არაჩვეულებრივი წინსვლა, არა უბრალოდ გასული 25 წლის განმავლობაში, არამედ გასული 5 წლის მანძილზე. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი პროგრესი გაამყარებს ნატო-ს წევრობის განაცხადს," - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, პენსმა გზავნილები თბილისიდან რუსეთსაც გაუგზავნა - აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რომ რუსეთის ქმედებებს აშშ უპირისპირებს ამ ვიზიტს და ტრამპის მყარ პოზიციას, რომელიც მტკიცე ღირებულებებს ეხება.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას, დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, პასუხად განაცხადა, რომ პასუხი იქნება მკაცრი.
"ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ," - აღნიშნა ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა და თქვა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს, გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები.
მაიკ პენსის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ თავის დროზე ამერიკის პოზიციის არამკაფიო განცხადების გამო შეიქმნა ეს რეალობა.
"ამერიკა ავლებდა წითელ ხაზებს და რეალურად, არ მიჰყვებოდა თავის განცხადებებს, ამან მისცა სხვა მხარეებს თავისებური სიგნალი და გაამხნევა ისინი, რომ ემოქმედათ. ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან - მშვიდობა და სიმტკიცე. დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგი მოგვიტანს უკეთეს შედეგებს და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას უკრაინაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში," - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთისათვის სანქციების გამკაცრება კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს სანქციები რუსეთს საქართველოს მიმართ დესტრუქციული ქმედებების გამოც ეკისრება.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება თბილისიდან მონტენეგროში გამგზავრებამდე ტვიტერის საკუთარ გვერდზეც გაავრცელა.
"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ვალდებულებას ქართველი ხალხის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობის საერთო საქმის მიმართ. ჩვენ ვანახლებთ პირობას, ვიდგეთ ერთად, როგორც პარტნიორები და მეგობრები და ერთ დღეს დავდგეთ ერთად, როგორც მოკავშირეები," - წერს მაიკ პენსი.
საგულისხმოა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მეორე პირის ვიზიტს მოსკოვიც გამოეხმაურა. როგორც ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პენსის ვიზიტი პრობლემა არ არის, მათთვის პრობლემა მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც საუბარი რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ნატო-ს გაფართოებაზე მიდის და როდესაც მათ საზღვრებთან ნატო-ს ტექნიკის განლაგება ხდება.
"მსგავსი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს, როდესაც ეს გულისხმობს სხვადასხვა ალიანსის გაფართოებას და მათი სამხედრო ტექნიკის განლაგებას ჩვენი საზღვრების გასწვრივ. ეს ჩვენს აღელვებას იწვევს," - დასძინა პესკოვმა.
პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გზავნილები ძირითადად სწორედ რუსეთს ეხებოდა, როგორც წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში მკაცრი პასუხის გაცემაზე, ასევე ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აქტიურ მხარდაჭერაზე და ეს ყველაფერი მოსკოვისთვის არასასიამოვნო მესიჯები იყო.
"მაიკ პენსს პრინციპულად ახალი არაფერი უთქვამს, აშშ-ის ხელმძღვანელობა დიდი ხანია ამბობს, რომ ის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს, მაგრამ როდესაც ეს ნათქვამი ხდება ნატო-ს სამხედრო წვრთნების ფონზე, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მკაცრი ტონით ლაპარაკობს რუსეთის აგრესიაზე, როდესაც ხშირად იმეორებს ტერმინს - ოკუპაცია, როდესაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის კონგრესმა კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები რუსეთის მიმართ, ეს ყველაფერი ერთად რუსეთისთვის არასასიამოვნო გზავნილია," - ამბობს "დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თავმჯდომარე გია ნოდია.
მისი თქმით, ძალიან კარგია, როდესაც ობამას ადმინისტრაციის რიტორიკისგან განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები ბევრად მკაფიო და მჭახე იყო, მაგალითად ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის მიმართულებით, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებზე მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვს, ჩვენთვის კი ნატო-ს გზაზე ხელის შემშლელი დასავლეთ ევროპის დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგობაა.
ნოდიას განცხადებით, ამ ვიზიტისას მთავარი კონტექსტია, რადგან როდესაც ტრამპი მოვიდა აშშ-ის პრეზიდენტად, მიიჩნეოდა რომ მისი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება იქნებოდა, რომ ის მაინცდამაინც არ იზრუნებდა ისეთ პატარა ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო და არც ნატო-ს გაძლიერებით იყო დაინტერესებული. ამან კი რუსეთში გარკვეული იმედი გააჩინა, მაგრამ მოსკოვის ეს იმედი გაცამტვერებულია და ეს ვიზიტიც ამის გამოცაა მნიშვნელოვანი.
"ძლიერი მესიჯია თავისთავად ის ფაქტი, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პირველ აღმოსავლეთევროპულ ტურნეში ეს სამი პატარა ქვეყანა შეარჩია, რომელთაგან ესტონეთი და მონტენეგრო ნატო-ს წევრები და საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა. მეორე მხარეა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შინაგანად არასტაბილურია, ასევე, ტრამპს ცუდი ურთერთობა აქვს პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირში, კონგრესში და ცოტა ძნელია იმის თქმა, როგორ გაგრძელდება აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა და რა კონკრეტულ მოგებას შეიძლება ველოდოთ," - მიიჩნევს ნოდია.
ნოდიას განცხადებით, ამ ვიზიტს მთავარი შედეგი ისაა, რომ აშშ-მა შეახსენა მსოფლიოს - მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორიცაა საქართველო, შედარებით მცირე ზომის, მაგრამ ერთგული მოკავშირის მხარდაჭერა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო აშშ-ის ორბიტაზე დაბრუნებულია.