რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი) ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონმა დიპლომატიური მისიის პერსონალი 455 თანამშრომლამდე პირველ სექტემბრამდე უნდა შეამციროს. ქვეყანა შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების 755-მა წარმომადგენელმა უნდა დატოვოს.

მოსკოვის გადაწყვეტილებით, ამერიკელ დიპლომატებს მათთვის გამოყოფილი უძრავი ქონებაც ჩამოერთვათ. ამერიკელმა დიპლომატებმა უკვე დატოვეს მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკები.

ეს ქმედება ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა. შემცირებულ სიაში როგორც დიპლომატები, ასევე ტექნიკური პერსონალი მოხვდნენ.

მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონში „სამწუხარო" უწოდეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები საპასუხო ქმედებას განიხილავს. რექს ტილერსონის უწყებაში აღნიშნეს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება გაუმართლებელ ზომად მიაჩნიათ და საპასუხო ნაბიჯებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი ახალ სანქციებზე რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. დოკუმენტს 98-მა სენატორმა დაუჭირა მხარი 2-ის წინააღმდეგ. 25 ივლისს, ახალ სანქციებს აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე ინიციატივამ როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შემდეგ დოკუმენტი მხარდასაჭერად სენატს გადაეგზავნა.

სანქციები შეეხება ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებს. სანქციების მიზანი პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. სენატის მიერ ანტირუსული სანქციების მხარდაჭერას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×