რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი) ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წერილი მისწერა, რომელსაც პარტია „თავისუფალი საქართველო" ავრცელებს.ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მხარეებს 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს, სადაც ერთმანეთს მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან.

„როგორც ადრე აღვნიშნე, ვენეციის კომისია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მეშვეობით უნდა გამოიძებნოს, რისი მიზანიც ყველაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს. თუ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს სურთ შეხვედრა შესაძლო კომპრომისის განსახილველად, ვენეციის კომისია მზად არის ხელი შეუწყოს ამგვარ დისკუსიებს", - წერს ჯანი ბუკიკიო.

„არასაპარლამენტო პარტიები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის წინადადება არის სერიოზული შანსი ხელისუფლებაზე ზეწოლისა, რათა შეჩერდეს მე-2 მოსმენით მიღებული პროექტის განხილვა და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები კონსტიტუციური რეფორმის უკლებლივ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. 9 ოპოზიციური პარტია უახლოეს დღეებში დაიწყებს კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მომზადდეს 6 სექტემბრის შეხვედრის დღის წესრიგი და ფორმატი" , - წერია განცხადებაში.

25 ივლისს ვენეციის კომისიაში გაიგზავნა 9 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიმართვა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვენეციის კომისიას გააცნო კონსტიტუციური რეფორმის პროცესში შექმნილი ვითარება და მიმართა წინადადებით, სწორედ ვენეციის კომისიას ეკისრა შუამავლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში.

31 ივლისს 9 არასაპარლამენტო პარტიამ მიიღო პასუხი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის - ჯანი ბუკიკიოს ხელმოწერით, რომელის მიხედვითაც, ვენეციის კომისია მზად არის გაუწიოს ორგანიზება საქართველოს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრას 6 სექტემბერს, სტრასბურგში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×