(რეზონანსი) საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრი ქართული ღვინის გამოფენას მასპინძლობს.როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, გამოფენისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და გახსნიდან პირველივე დღეებში, უკვე ასეულობით ადამიანს მიეცა შესაძლებლობა გასცნობოდა ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას.
„ეს გამოფენა ძალიან დაეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ეს გამოფენა აჩვენებს, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის უძველესი მწარმოებელი, არამედ ამ ქვეყანაში კვლავ გრძელდება და ვითარდება მეღვინეობის დარგი" , - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" 31 ივლისს გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდება. საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდაოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა.
ბორდო ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ღვინის ცივილიზაციის ცენტრი განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.