(რეზონანსი) კალაუბანში, ბეთლემის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი თბილისის განვითარების ფონდის მიერ, „ახალი ტფილისის" ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა.
დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი - დავით ნარმანია, კრწანისის რაიონის გამგებელ - გიორგი კოპალეიშვილთან და თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ნარმანნიას თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულებულია და ბეთლემის N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებს.
„თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ გადარჩა ნგრევის პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მეორე მხრივ 13 ოჯახის პრობლემა მოგვარდა. დღეს მათ აქვთ დასრულებული სახლი ყველანაირი კომუნიკაციით. ახლა თვითონ მოსახლეობამ შიდა რემონტი უნდა გააკეთოს", - ამბობს ნარმანია.
ბეთლემის ქუჩა N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი, რომლებიც სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში, დროებით ქირით იყვნენ გაყვანილნი, ახალ, კეთილმოწყობილ სახლებს დაუბრუნდებიან.