ბოლო პერიოდში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში პრემიებისა და სახელფასო დანამატის გაცემამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს იმ ფონზე, როცა დაბალ პოზიციებზე დასაქმებულთა ხელფასი მინიმალურია და ამავე დროს ქალაქებისა და რაიონების საერთო ბიუჯეტიც საკმაოდ მცირეა.
ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილეები ნოდარ მიქიაშვილი და კონსტანტინე ქავთარაძე ხელფასს ყოველწლიურად გაორმაგებული ოდენობით იღებენ. მერის პირველმა მოადგილე ნოდარ მიქიაშვილმა, რომლის წლიური ხელფასი 25 200 ლარს შეადგენს, 2015-2016 წლებში 95 006 ლარი აიღო, ხოლო მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ, რომლის თანამდებობრივი სარგო წელიწადში 24 600 ლარია, იმავე პერიოდში მიიღო 97 971 ლარი.
ქუთაისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 100 ლარია, ხოლო მერის მოადგილისა - 2 050 ლარი. შესაბამისად, ნოდარ მიქიაშვილის წლიური ხელფასი 25 200 ლარს შეადგენს, კონსტანტინე ქავთარაძისა - 24 600 ლარს.
ქუთაისის მერის ორივე მოადგილე პრემიებისა და ყოველთვიურად მიღებული დანამატების გამო ხელფასს თითქმის გაორმაგებული ოდენობით იღებს. კერძოდ: ნოდარ მიქიაშვილმა 2015 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით მიიღო 45 034 ლარი, ხოლო 2016 წელს - 49 972 ლარი. კონსტანტინე ქავთარაძის წლიური ანაზღაურება 2015 წელს იყო 49 523 ლარი, 2016 წელს კი - 48 448 ლარი.
ამრიგად, საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მერის პირველმა მოადგილემ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხელფასის გარდა, დამატებით მიიღო 44 606 ლარის ოდენობით პრემია და დანამატები, რაც მისი ხელფასის 88,5%-ს შეადგენს, ხოლო მერის მოადგილემ - 48 771 ლარი, ესე იგი ხელფასის 99,1%.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ქუთაისის მერ შოთა მურღულიას 2015-2016 წლებში პრემია ან დანამატი არც ერთხელ არ მიუღია.
ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ კი ერთი წლის განმავლობაში 59 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, რაც თვეში, საშუალოდ, 4 917 ლარია. ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 33 000 ლარს შეადგენს, მან პრემიისა და დანამატის სახით 26 000 ლარი აიღო.
ქალაქ რუსთავის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 750 ლარია, ე.ი. წელიწადში - 33 000 ლარი, თუმცა დავით ჯიქიას ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 59 000 ლარი, ანუ თვეში, საშუალოდ, 4 917 ლარი შეადგინა.
"რეგინფოს" ცნობით, მხოლოდ ერთ წელიწადში რუსთავის მერმა პრემიისა და დანამატის სახით მიიღო 26 000 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრემია და დანამატები, სულ ცოტა, 10-ჯერ აიღო (აქედან 9 შემთხვევაში ხელფასის სრული ოდენობით). უნდა აღინიშნოს, რომ დავით ჯიქიას წლიური ანაზღაურება 7 630 ლარით აღემატება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელფასს, რომლის ოდენობაც 51 370 ლარია.
ცალკე უნდა აღნიშნოს ხელვაჩაურის გამგებლის სარგო, რადგან ნადიმ ვარშანიძე მუნიციპალიტეტების გამგებლებს შორის ყველაზე მაღალ ანაზღაურებას - თვეში, საშუალოდ, 4 444 ლარს, ანუ წელიწადში 53 326 ლარს იღებს. ხელფასის გარდა, რომლის ოდენობაც თვეში 2 650 ლარია, მან 2015 და 2016 წლებში ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 8-8-ჯერ მიიღო.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, ჩინოვნიკები საკუთარ თავს გამუდმებით უწერდნენ სახელფასო დანამატს.
"ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, სახელფასო დანამატების საკითხი, რა თქმა უნდა, უდავოდ უარყოფით შეფასებას იმსახურებს.
სახელმწიფო მუდმივად საუბრობს რეგულაციების აუცილებლობაზე კერძო სექტორში, არადა, ყველაზე საჭირო და აუცილებელი საჯარო სექტორის მკაცრად რეგულირებაა. კანონით უნდა იყოს გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ჩინოვნიკმა დანამატი. ასევე, უნდა არსებობდეს ზედა ზღვარი, რა ოდენობის თანხის მიღება შეუძლია თანამდებობის პირს წლიურად. არ შეიძლება, პირი საკუთარ თავს უწერდეს კარგი მუშაობისათვის დანამატს, ეს მის დაქვემდებარებულებსა და კოლექტივს უნდა ევალებოდეს, ისინიც ჩართული უნდა იყვნენ ამ პროცესში," - განუცხადა "რეზონანსს" ირაკლი მაკალათიამ.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ჩინოვნიკებს კარგი მუშაობისათვის ხელფასს ისედაც ვუხდით და დანამატის აღება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
"ეს საკითხი, ხელფას-პრემია-დანამატები, არის საჯარო სამსახურის აქილევსის ქუსლი, რომელიც ვერა და ვერ მოგვარდა ვერც ერთი ხელისუფლების მიერ. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა, რადგან ამოქმედდა ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და რეფორმის საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპს გავდივართ.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურის კანონის ამოქმედებისას, ჯერ კიდევ გსული წლის შემოდგომაზე, სხვა თორმეტ ნორმატიულ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას უნდა მოემზადებინათ სახელფასო სისტემის ზუსტი პროექტი, რომლითაც ეს საკითხიც დარეგულირდებოდა, თუმცა რადგანაც წინ არჩევნები იყო, ხელისუფლება ადმინისტრაციული კადრების განაწყენებას მოერიდა. ეს იყო პრველი შემაშფოთებელი სიგნალი ჩემთვის, რომ მთავრობა ცდილობდა, დაეტოვებინა "საარჩევნო ბეღელი", რაც, ჯამში, საჯარო სამსახურში დასაქმებულების ოჯახის წევრების ჩათვლით ნახევარი მილიონი ხმაა.
დღესაც ამ პროცესში ვართ, რადგან თავდაპირველად კანონის ამოქმედება პირველი ივნისისათვის გადაიდო, მაგრამ რადგან წინ ისევ არჩევნები იყო, 2017 წლის ბოლომდე გადავადდა. ეს არის ხმების არაპირდაპირი ყიდვა. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ჩვენი, ანუ გადასახადის გადამხდელების, ფული ჩინოვნიკების გამდიდრებას ხმარდება.
საქართველოშიც უნდა მოხდეს ისე, როგორც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშია. საჯარო სამსახურში საჯარო მოხელეს ხალხი ქირაობს და ხელფასს უხდის კარგი მუშაობისათვის. დანამატი კარგი მუშაობისთვის უკვე ანაქრონიზმია.
სახელფასო დანამატის გამოყენება შეიძლება მოხდეს მხოლოდ გამონაკლისის წესით, რასაც წახალისების სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს და არ უნდა ხდებოდეს ყოველთვე," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ალაფიშვილმა.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 51 189 ადმიანი ცხოვრობს, მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი კი წელიწადში 53 326 ლარს შეადგენს. შედარებისთვის, წლიური სარგოს სახით 1,5-მილიონიანი ქალაქ თბილისის მერი 38 160 ლარს იღებს.