(რეზონანსი) "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ" იწყებს. კამპანიის შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.
როგორც „ენმ"- ის პრესსამსახურიში ამბობენ, გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა და გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „მომხდარი უკანონობისა და განუკითხაობის განმეორების საშიშროების აღმოფხვრა".
„ეს პარტიული შტაბი არ იქნება. ეს ნებისმიერი დარღვევის გამოსავლენი შტაბი იქნება. შტაბი, რომელიც ყველა დანაშაულს და დარღვევას აღრიცხავს. ხალხის ხმებს, ხალხთან ერთად დაიცავს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ენმ" ყველა ოპოზიციურ პარტიას მიმართავს და სთხოვს, რომ გაყალბების საწინააღმდეგო ერთობლივი საბჭო ჩამოაყალიბონ.
„თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ შტაბის წარმატებული მუშაობის საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და მას ვებრძოლოთ. ვუთხრათ ივანიშვილს - ვეღარ გააყალბებ! განსხვავებით ადრინდელისგან, ჩვენ აღარ შეგაჩერებთ. პირიქით, ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ ", - აცხადებენ „ენმ"-ში.