(რეზონანსი) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე, ჰააგის პროკურორის ოფისის პერსონალი ხშირად გადის საველე სამუშაოებზე, როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის - ფატუ ბენსუდას ოფისი იუწყება.
როგორც ჰააგის პროკურორის ოფისში განმარტავენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საბოლოო მიზანია, 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში სავარაუდოდ ჩადენილი ყველაზე სერიოზული დანაშაულებზე სიმართლის გამოაშკარავებაა. ამ მიზნით, პროკურორის ოფისის გამომძიებლები საჭირო მტკიცებულებებს აგროვებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, სხვადასხვა სანდო წყაროებიდან
"რაც შეეხება გამოძიების პროცესს, კონკრეტული ვადები დადგენილი არ არის. გამოძიება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც აუცილებელია საჭირო მტკიცებულების შესაგროვებლად რესურსების, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფაქტორების გათვალისწინებით.
გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი მიზნებიდან გამომდინარე, პროკურორის ოფისის პერსონალი საველე სამუშაოებზე ხშირად გადის, როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან",- განუცხადეს ჰააგის პროკურორის, ფატუ ბენსუდა ოფისში.