თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ კახა კალაძის დასამარცხებლად ოპოზიცია პირველ ტურში გაერთიანებასა და საერთო კანდიდატის წარდგენაზე უარს აცხადებს. მხოლოდ მეორე ტურის შემთხვევაში გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ საკუთარ მომხრეებს მოუწოდონ, მხარი დაუჭირონ ნებისმიერ ოპოზიციონერ კანდიდატს და "ოცნების" დამარცხებასაც იმედოვნებენ.
გუშინ ოთხი პროდასავლური მცირე პარტია გაერთიანდა და დანარჩენ, ასევე პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს წინასაარჩევნოდ გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდა.
"მივმართავ ზალიკოსაც, ელენესაც, ალეკოსაც, სამივე ღირსეული ადამიანია, გავერთიანდეთ, გამოვავლინოთ, ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი", - განაცხადა პრესკონფერენციაზე "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და ამით ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, ერთი ძლიერი, ანგარიშგასაწევი კანდიდატით დაუპირისპირდნენ მმართველი ძალის კანდიდატს, რომ კახა კალაძის დამარცხების რეალური შანსი გაჩნდეს.
"საქართველოს ხელისუფლებაში არსებული არაფორმალური მმართველობა უნდა დავამარცხოთ, იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალური განვითარება დაიწყოს. ყველა მერობის კანდიდატს და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას მივმართავ, გავერთიანდეთ. ვინ უნდა იყოს მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე საარჩევნო სიაში, პრაიმერის გზით გადავწყვიტოთ და "ქართული ოცნება" ერთიანი ძალებით დავამარცხოთ. არც "ნაციონალურ მოძრაობას", არც "ევროპულ საქართველოს" და არც ალეკო ელისაშვილს გაერთიანების არ უნდა შეეშინდეთ", - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, სამართლებრივად საკმარისზე მეტი დროა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყოს პრაიმერი და ყველაზე საუკეთესო კანდიდატი შეირჩეს.
ვაშაძის ეს მოწოდება მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმაც არ გაიზიარეს. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" განაცხადეს, რომ არჩევნებზე დაწესებული 50%-იანი ბარიერი ქმნის ბუნებრივად ამ პრაიმერის შესაძლებლობას, დადგინდეს რომელი ოპოზიციური კანდიდატი არის ყველაზე ძლიერი. ამიტომაც მზად არიან, მეორე ტურში გადასული ოპოზიციონერი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდნენ.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კი ამ მოწოდებას საერთოდ არასერიოზული უწოდა. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პრაიმერში მონაწილეობას არ აპირებს და ამ თემის ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს, თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვით ადრე, გამოქვეყნდა "ენ-დი-აის" სოციოლოგიური კვლევა, სადაც შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს? - კახა კალაძეს ("ქართული ოცნება") 30% აქვს, ალეკო ელისაშვილს (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 19%, ზაალ უდუმაშვილს ("ნაციონალური მოძრაობა") - 18%, ელენე ხოშტარიას ("ევროპული საქართველო") - 5%, არ იცის 12%-მა და პასუხზე უარს ამბობს 4%.
კვლევის მიხედვით, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურია საჭირო და ოპოზიციის კანდიდატებს, ერთად აღებულს, მმართველი პარტიის წარმომადგენელზე მეტი რეიტინგი აქვთ. ჯამში, 41% აქვს ოპოზიციას, კალაძეს კი - 30%. სწორედ ამ გათვლებით, მიიჩნევა, რომ ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში კალაძის დამარცხების რეალური შესაძლებლობა აქვს.
თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ ოპოზიციაში ყველა ეს ძირითადი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში აუცილებლად თავად გავა და ამიტომაც არ ეთმობა პირველსავე ტურში კანდიდატურის სხვის სასარგებლოდ დათმობა.
თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ამ ეტაპზე ერთი საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს - არ მოხდეს არჩევნების გაყალბება.
"თბილისში მოქალაქეები კარგად ხედავენ და ამას კვლევებიც ადასტურებს, რომ მეორე ტური გარდაუვალია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ საუკეთესო პრაიმერიზი იქნება არჩევნების მეორე ტური და ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ. ეს უნდა იყოს გაერთიანება სწორედაც ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინაღმდეგ. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.
"მანამდე ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტიის გაერთიანება უნდა მოხდეს არჩევნების საკითხებში, რომ გაყალბება არ მოხდეს. ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი "არა გაყალბებას" და ოპოზიციის გაერთიანება სწორედ ამით უნდა დავიწყოთ," - აცხადებს თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე.
მისი თქმით, გამორიცხულია, პირველსავე ტურში გაიმარჯვოს მმართველმა პარტიამ.
"3 წლის წინ ნარმანიას დროსაც ეგონა "ოცნებას", რომ პირველ ტურში გაიმარჯვებდნენ, შამპანურებიც გახსნეს, მაგრამ მეორე ტური დაინიშნა. მას შემდეგ კი "ქართული ოცნების" რეიტინგი ჩამოშლილია და კალაძე პირველ ტურში ნარმანიაზე მეტ პროცენტს ვერ აიღებს.
"განსხვავებული რეალობაა, იქნება მეორე ტური და აუცილებლად ოპოზიციურმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტი შანსი ჩვენ გვაქვს და ეს აუცილებლად იქნება ზალიკო უდუმაშვილი," - დასძენს ნადირაძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი მამუკა ჩიქოვანი აცხადებს, რომ მეორე ტურში გადასვლის ყველაზე დიდი შანსი მათ კანდიდატს, ელენე ხოშტარიას აქვს და ოპოზიციის დიდი გაერთიანებაც მის გარშემო შედგება.
"ელენე ხოშტარიამაც გააკეთა განცხადება და ჩემს პოზიციას მეც დავაფიქსირებ. ყველაზე კარგი პრაიმერიზი არის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური იქნება, მეორე ტურში ელენე ხოშტარია გავა და შემდეგ ყველა პროდასავლურ ძალას ექნება საშუალება, თავიანთი გადაწყვეტილება გაერთიანებაზე სისრულეში მოიყვანონ და ელენე ხოშტარიას დაუჭირონ მხარი," - ამბობს ჩიქოვანი.
მისი თქმით, ხოშტარია რომც არ გავიდეს მეორე ტურში, "ოცნების" წინააღმდეგ ნებისმიერ პროდასავლურ კანდიდატს დაუჭერს პარტია მხარს.
"მეორე ტური აუცილებლად იქნება და მეორე ტურში ასეთი პროდასავლური გაერთიანება სავსებით ლოგიკურია," - მიიჩნევს ჩიქოვანი.
გიორგი ვაშაძის მოწოდებაში არა მარტო მერობის, არამედ საკრებულოს საერთო კანდიდატების შერჩევაზეც იყო მოწოდება. როგორც ჩიქოვანი ამბობს, ეს სერიოზული არ არის, მთავარია, მერობის კანდიდატებზე მოხდეს მეორე ტურში შეთანხება და ეს მოხდეს არა მარტო თბილისში, არამედ ყველა ქალაქში.