(რეზონანსი) თეთრი სახლიდან ინფორმაციის გაჟონვასთან კავშირის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ოთხ პირს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ განცხადება ამერიკის გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშენსმა გააკეთა, რომელიც ბოლო პერიოდში პრეზიდენტის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. დონალდ ტრამპმა, იუსტიციის მინისტრის მუშაობის გამო, იმედგაცრუება გამოთქვა და სეშენს „სუსტი" უწოდა.
პრესკონფერენციაზე გენერალურ პროკურორს დაკავებულთა ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა განმარტა, რომ მათ ბრალად საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება და უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან ფარული კონტაქტი ედებათ.
„ჩვენი პოზიცია მკაცრია - ინფორმაციის რეგულარული გაჟონვის კულტურას ბოლო უნდა მოეღოს", - განაცხადა ჯეფ სეშენსმა.
გენერალური პროკურორის თქმით, იანვრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებული საქმეების რაოდენობა გასამმაგდა.
გასულ კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯეფ სეშენსი ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ არასაკმარისად ეფექტიან ქმედებებში დაადანაშაულა.
„პროკურორმა ჯეფ სეშენსმა ძალიან სუსტი პოზიცია დაიკავა ჰილარი კლინტონის დანაშაულებთან დაკავშირებით (სად არის მისი ფოსტა და სერვერი?), ასევე ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით", - დაწერა ტრამპმა „ტვიტერში".