"რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხე" - ასე აფასებენ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთ-ერთ დამატებს. 19-მა რელიგიურმა გაერთიანებამ პარლამენტს უკვე მოუწოდა, "არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის - რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგებლოდ."
როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტან ხმალაძე აღნიშნავს, ეს ჩანაწერი სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, რეალურად შეზღუდოს აღმსარებლობა, რაც გაცხადებული იქნება, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება.
"როდესაც ლაპარაკია "სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე", ეს არის საკმაოდ განუსაზღვრელი ცნება და, შესაძლოა, ძალიან ფართოდ იყოს გაგებული. შესაბამისად, შესაძლოა, დაწესდეს ისეთი შეზღუდვები, რაც რეალურად იქნება აღმსარებლობის შეზღუდვა, თუმცა საფუძვლად გაცხადებული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება.
"1995 წელს, როდესაც ეს ნორმა იწერებოდა, მსგავსი რამ არ ჩაწერეს. ძალიან საფრთხილოა ხელისუფლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ არათანაზომიერად შეიზღუდოს რაიმე და ეს ჩანაწერი ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ამ თემაზე "მთელ კვირასთან" საუბრისას საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანაწერი იძლევა საშუალებას, რომ ახალი მეჩეთის აშენებაც კი სახელმწიფო საფრთხედ გამოცხადდეს.
"კონტექსტი, რომელსაც მთლიანობაში განვიხილავთ, არის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რელიგიური უმცირესობებისადმი დამოკიდებულება. განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული ქმედებები, მათ შორის მეჩეთში არშეშვება სამთაწყაროში, მოხის მეჩეთის არგადაცემა, ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე ნებართვის არგაცემა და ა.შ.
"აქედან გამომდინარე, როდესაც საკითხი ეხება რელიგიურ თემს და კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, დანაშაულის აცილების მოტივსა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე, თითოეული მათგანი არის ცდუნება იმისა, რომ ნებისმიერ დროს თუნდაც მეჩეთის აშენება გამოცხადდეს სახელმწიფო საფრთხედ და ა.შ.
"იქნება რიგი საკითხები, რომლებიც უფრო მეტად შეზღუდავს სიტყვისა და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვეუბნებით მმართველ გუნდს, რომ არ მიიღოს ეს კანონი აღნიშნული ფორმით", - აცხადებს "მთელ კვირასთან" ტარიელ ნაკაიძე.
პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია სახალხო დამცველის აპარატთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრებისთვისაც. ამასთან დაკავშირებით მათ განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს 19 რელიგიური გაერთიანება აწერს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილებები მაღალი რისკის შემცველია, რადგან ამით, შესაძლოა, შევიწროვდეს რელიგური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებები.
"როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიღებულ რედაქციაში აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის მუხლს დაამატა და გააფართოვა დაცულ სფეროში ჩარევისა და შეზღუდვის საფუძვლები. თუკი მოქმედი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ სხვათა უფლებების დასაცავად ითვალისწინებდა, წარმოდგენილ პროექტში მას დაემატა ისეთი საფუძვლები, როგორებიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის დაცვა და მართლმსაჯულების განხორციელება.
"მიგვაჩია, რომ წარმოდგენილი კრიტერიუმები რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს წარმოშობს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საფუძვლების დამატება, როგორებიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება. დასახელებული კრიტერიუმები არ არის განჭვრეტადი და წარმოშობს მაღალ რისკს, რომ მათი გამოყენება, შესაძლოა, არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელ მიზნებს.
"უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ამგვარ საფუძვლებს არ უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ევროპული კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.
"როდესაც ვსაუბრობთ რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციით შეზღუდვის საფრთხეებზე, ვითვალისწინებთ იმ მრავალწლიან გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი ვაწყდებით საქართველოში.
"ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ჩვენი რწმენის გამოხატვის შეზღუდვის, ძალადობისა და შეუწყნარებელი დამოკიდებულების მსხვერპლნი. ქვეყნის უზენაეს კანონში კი უფლების შეზღუდვის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი საფუძვლების დამატებით, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ იმ გამოწვევის წინაშე, რომ ძირითადი კანონის, კონსტიტუციის, საფუძველზე, რელიგიური გაერთიანებების უფლებათა არამართლზომიერ შეზღუდვას მიეცეს ლეგიტიმაცია.
"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის - რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგებლოდ", - ნათქვამია რელიგიათა საბჭოს განცხადებაში.
"მთელი კვირა" შეეცადა ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა პოზიციის გაგებას, თუმცა უშედეგოდ.