(რეზონანსი) განმუხურში, სადაც „ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის" შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი", „მდმა"-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, „მდმა"-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი „ჯემ ფესტიდან" გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.