(რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე 11 წლით პატიმრობა ემუქრება, - აღნიშნულის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განუცხადა.
„ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სისხლის სამართლის ოთხ საქმეს აწარმოებს, რომელზე გამოძიება დასრულებულია და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყველა ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს", - აღნიშნა სონღულაშვილმა.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სააკაშვილს დამნაშავედ სცნობს, მას 11 წლით პატიმრობა ემუქრება.
„მას შემდეგ, რაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, მიუხედავად ბრალდების რაოდენობისა, ყველაზე მძიმე მუხლი სხვა მუხლებს შთანთქავს. კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ, სასჯელის დაჯამება არ ხდება. ამის გამო, თუ პირს 3-4 ბრალდება აქვს წაყენებული, ის მხოლოდ ერთ სასჯელს მოიხდის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება თუ სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს", - განაცხადა სონღულაშვილმა.