9 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომისა და ტრაგიკული დღეების დაწყებიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული სოფლების მიმართულებით ცხინვალიდან ჭურვები ისროლეს და იმავე დღეს, გვიან ღამით, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
5-დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე. ომის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს კოდორის ხეობა და შიდა ქართლის დიდი ნაწილი. ომიდან რამდენიმე კვირაში რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
რუსული ოკუპაცია დღესაც გრძელდება. საოკუპაციო ხაზი დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი მთავარი მაგისტრალიდან 400 მეტრში გადის.
ამ დღის გახსენება გუშინდლიდან დაიწყო. აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები პოლიტიკოსებმა გვირგვინებით შეამკეს, ასევე საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ ყოფილი "ნაციონალები", "ევროპული საქართველოს" წევრები და წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპულ მებრძოლებს.
დღეს საოკუპაციო ხაზზე რუსულ ოკუპაციას სამოქალაქო საზოგადოება და ახალგაზრდები გააპროტესტებენ. ასევე, დაგეგმილია საპროტესტო ცოცხალი ჯაჭვი თბილისში რუსეთის ყოფილი საელჩოს წინ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს - 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ასევე, ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი, ჯამში, 23 ოჯახი 3 000-ლარიან დახმარებას მიიღებს.
ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. წერილში ვკითხულობთ, რომ 9 წლის თავზე რუსეთი აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას.
თბილისი მოსკოვს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობასა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულარულად ხდება საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავება და გატაცება, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. აფხაზეთის მიმართულებით ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი დაიხურა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ გრძელდება ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შელახვა.
გარდა ამისა, გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შეზღუდვის კვალდაკვალ, მომავალი სასწავლო წლიდან ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებშიც იკრძალება მშობლიურ ენაზე სწავლება. ამ ფონზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და მიზანმიმართულად უშლის ხელს მათ ჰუმანიტარულ კონტაქტს დანარჩენ საქართველოსა და მსოფლიოსთან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წელს გმირულად დაღუპული მებრძოლების ოჯახებსა და ახლობლებს.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან არსებული გამშვები პუნქტები ორი დღით ჩაკეტა. მათი განცხადებით, მიზეზი უსაფრთხოებაა. ცხინვალში 12 აგვისტოს გამარჯვების აღსანიშნავად მზადებასაც იწყებენ.
აგვისტოს ომის დაწყების დღეს კი აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რაც თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისა და აშშ-ის მიერ დიდი მხარდაჭერის გამოხატვის საპასუხოდ მოსკოვმა სწორედ ომის დაწყების დღეს დემონსტრაციულად დაამთხვია.
"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ეს ომი იყო ტრაგიკული დღეები და საქართველოს გარკვეული სტაგნაციის დასაწყისი, რადგან ათეული წლებით უკან დახია კონფლიქტების მოგვარება და გაართულა ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა.
"ეს იყო ტრაგიკული დღეები ქართული სახელმწიფოსთვის და მთლიანად კონფლიქტების გადაწყვეტისთვის, რადგან 2008 წლის ომმა ათეული წლებით უკან დახია კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხი საქართველოში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამას ე.წ. აღიარება მოაყოლა. ამ ყველაფერმა მთლიანობაში ძალიან შეცვლა კონფლიქტების ლანდშაფტი და კიდევ უფრო გაართულა საქართველოსთვის არა მარტო კონფლიქტების მოგვარება, არამედ ნატო-ში გაწევრიანება და ევროკავშირთან დაახლოება. საქართველოსთვის ეს იყო გარკვეული სტრატეგიული სტაგნაციის დასაწყისი. თითქმის 9 წელი გავიდა და, ფაქტობრივად, ქვეყანა წინ ვერ მიდის.
"ის მოცემულობა, რაც ამ კონფლიქტის შემდეგ დადგა, ძალიან ძნელი შესაცვლელია. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის როლიც შეიცვალა. თუ მანამდე რუსეთი ე.წ. სამშვიდობო სტატუსით იყო, ომის შემდეგ ის მხარე გახდა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ მხარე გახდა იქაც და კიდევ უფრო გართულდა რუსეთთან ამ კონფლიქტის მოგვარება," - აღნიშნავს კაკაჩია.
ის ამბობს, რომ რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა და რაც უნდა შესთავაზონ მას საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებმა, რთულია, რაიმე რაციონალურ წინადადებაზე წამოვიდეს მოსკოვი.
"მოუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის რაღაც ნაბიჯები თითქოს გადაიდგა, როგორც ვხედავთ, სიტუაცია აბსოლუტურად არ იცვლება. პირიქით, რუსეთი დროდადრო იყენებს ამ სიტუაციას და საოკუპაციო ხაზთან ვითარება პერიოდულად იძაბება. ყველა, ალბათ ხელისუფლებაც, ხედავს, რომ ფუჭი ოცნებაა და იდეალისტური ხედვაა, რომ რუსეთი ამ შერბილებულ რიტორიკას დაგიფასებს. საჭიროა ახალი მიდგომის გამომუშავება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს, რადგან არსებული ნარატივით, იგივე ეკონომიკური ურთიერთობის განახლებით ეს ხელისუფლება თავს კომფორტულად გრძნობს. ხოლო როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, საჭირო იქნება ახალი მიდგომა რუსეთთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით. ამ ხელისუფლებას კონფლიქტებთან მიმართებით ხედვა საერთოდ არ აქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი მოსახლეობის გაუცხოება ხდება და კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია," - დასძენს კაკაჩია.