რეზონანსი
08.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეები ზუსტად 9 წლის წინ 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ქართული სოფლების მიმართულებით ცხინვალის მხრიდან ჭურვები ისროლეს.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები კი 8 აგვისტოდან დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით, ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ობიექტებსა და აეროდრომებზე მიიტანა. ქალაქი გორი იბომბებოდა, ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორია.

მათ თბილისის ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აგვისტოს ომიში, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. თითქმის 150 000-მა ადამიანმა სახლები დატოვა, მათგან დღემდე დევნილობაში 30 000-მდე რჩება. 

რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×