(რეზონანსი) საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი იმყოფება.
ამერიკელ გენერალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დახვდნენ და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე, გენერალის დასახვედრად „ჰოჰენფელსის" საწვრთნელი ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტოც იმყოფებოდა.
გენერალი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვაზიანში მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მიმდინარეობას გაეცნობა. ის შეხვედრებს გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებთან გამართავს.
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოში გერმანიის „ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიურ საბრძოლო მომზადების ცენტრს ააშენებს. ცენტრი ვაზიანში განთავსდება.
2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელი მოეწერა, რომელიც, პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში, ითვალისწინებს.