(რეზონანსი) საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა.
უწყების შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა მეტ იზოლაციაში მოაქციოს და ნებისმიერი ხერხით ხელი სამშვიდობო პროცესებს შეუშალოს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების - ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს, გმობს.
მიმდინარე წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს და ხის ბოძები დაამონტაჟეს, რის შესახებაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებული ოპერატიულად იქნენ. 9-11 აგვისტოს ზემოხსენებული სეგმენტის 800-900 მეტრიან მონაკვეთზე მავთულხლართები გავლებულ იქნა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები შეწყვიტოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს პატივი სცეს, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია მოახდინოს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით, ნაბიჯები გადადგას,",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.