გვანცა ღვედაშვილი
14.08.2017

"უსაფრთხოების თვალსაზრისით სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება რუსეთის გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე. საქართველოს ეპისკოპოსთა ნაწილი ღია ტექსტით მხარს უჭერს რუსეთს და აგინებს დასავლეთს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

"ეკლესიაში სისტემური კრიზისია - რომელი ეპისკოპოსი რომელ ეპისკოპოსზე რას ლაპარაკობს და რამდენი მილიონერი ეპისკოპოსი გვყოლია... მოკლედ, ძალიან რთულად არის საქმე. 1103 წელს დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება მოიწვია. ეკლესიაში დღესაც არის უკიდურესი კრიზისი და ეს კრიზისი ცუდად მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოზე, ადამიანის უფლებებზე, დასავლურ ხაზზე.

"ეკლესია შეზრდილია ხელისუფლებასთან და ხელისუფლებასთან ვაჭრობა-გარიგების გზით მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება. გარდა ამისა, უსაფრთხოების თვალსაზრისით სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება რუსეთის გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე. საქართველოს ეპისკოპოსთა ნაწილი ღია ტექსტით მხარს უჭერს რუსეთს და აგინებს დასავლეთს. გნებავთ ეპოსკოპოსი იობი, რომელიც განსაკუთრებული განათლებით ვერ დაიკვეხნის და გნებავთ ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი, რომელიც სწორედ რომ განათლებით დაიკვეხნის, მაგრამ ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, "ერეკლე მეორის საზოგადოებასთან" ერთად, ანტიამერიკული ფილმისთვის ტაში დაეკრა კინოსახლში. ჩვენ ამ თემებზე ღიად ვილაპარაკებთ", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

არის თუ არა რუსული გავლენა საქართველოს ეკლესიაში და რამდენად ძლიერია ის? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა სიმპტომებით შეიძლება ამაზე საუბარი, თუმცა, პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ არსებობს. რამდენად ცუდია თუ კარგი, ეს რთული საკითხია და ამის ანალიზი იმათ გააკეთონ, ვისაც ეს ხელეწიფება.

"ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ არავითარი გავლენა არ იყოს არც სუვერენულ და თავისუფალ სახელმწიფოში და არც ეკლესიაში. თუმცა რას ვიზამთ, ფაქტია, რომ არის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია."

 

 ნუცა ჯანელიძე (მომღერალი): "რუსული გავლენა არ მგონია, მაგრამ ერთმორწმუნეობის გავლენა ალბათ არის. რა ვიცი, რა კითხვაა? - არანაირად არ მგონია. რუსეთში უფრო დიდ პატივს სცემენ ჩვენს კათალიკოსს, ვიდრე სხვა ქვეყნისას, ასეთი ფაქტების მოწმე თავადაც ვარ."

 

 

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): "რა თქმა უნდა, არის. მგონი, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, ან თავის მოტყუება უნდა გინდოდეს, რომ ეს გავლენა ვერ დაინახო. გავლენა ძალიან დიდია. დიდი ხნის წინ იყო ჩანერგილი რუსული სამსახურების მიერ მომზადებული მთელი არმია, დღეს ეს ელემენტია დარჩენილი და, რა თქმა უნდა, ისინი იდეოლოგიისთვის ამ მომენტს იყენებენ.

"ზოგადად, ძალიან გაჭირდება ამ გავლენიდან გამოსვლა. ეკლესიაში რუსეთს საშუალება აქვს, გამოიყენოს ფულის მოყვარული სასულიერო პირები სურვილისამებრ და ამას აკეთებს კიდეც, რადგან ვხედავთ, ბოლო პერიოდში რამდენი ფაქტი გამომჟღავნდა. ასე რომ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ რუსული სპეცსამსახურები ეკლესიაში კორუფციული სისტემების განვითარებაზე მუშაობენ და ეს ძალიან ცუდია."

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "სამწუხაროდ, ძალიან ძლიერია ეს გავლენა. რამდენადაც მე ვიცი, აბსოლუტურად ექვემდებარებიან ამ ძალას და მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირია აღიარებს რუსეთის მხრიდან ძალადობისა და ოკუპაციის ფაქტს. ამასთან, სამწუხაროდ, არსებობს კულტურული ექსპანსიაც, რაც არა მხოლოდ მრევლის, არამეც ნებისმიერი მოქალაქისგან წამოსული პრობლემაა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×