14 წელი მონობაში - სომხეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეებს შრომით ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. მეზობელი ქვეყნის პროკურატურამ ამ საკითხზე სისხლის სამართლის გამოძიება უკვე დაიწყო. დაინტერესდა თუ არა ამით ქართული მხარე, ჯერჯერობით უცნობია. "მთელი კვირა" პროკურატურისგან ინფორმაციის მოწოდებას მთელი დღის განმავლობაში ამაოდ ელოდა. შოთაძის უწყებაში საქმის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა გვიან ღამემდე ინფორმაციის მოწოდებას უშედეგოდ ველოდით.
სომხეთის მხარის გამოძიების მასალების მიხედვით კი, სომხეთის მოქალაქე შუახნის მამაკაცი საქართველოში 2003 წელს სამსახურის საძებნელად ჩამოვიდა. მან სამუშაოს შოვნაში დახმარება მისთვის მანამდე უცნობ ტაქსის მძღოლს სთხოვა, რომელმაც იგი აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ სოღანლუღში მიიყვანა. საბოლოოდ მან იქ ერთ-ერთ ოჯახში დაიწყო მუშაობა.
სომხური პრესის ინფორმაციით, დამსაქმებლები ამ პირს არაადამიანურად, მონასავით ეპყრობოდნენ. ასრულებდა ყველანაირ შავ და ფიზიკურად მძიმე სამუშაოს როგორც ამ ოჯახისთვის, ასევე მეზობლებისთვისაც, თუმცა ამისთვის მას გასამრჯელო საერთოდ არ აუღია. უფრო მეტიც, საცხოვრებლად გამოუყვეს სახლის სხვენი და საწოლის მაგივრად მუყაოს ყუთები მისცეს.
სომხეთის მხარის მიერ გავრცელებულ საქმის მასალებში წერია, რომ ეს ადამიანი ასეთ პირობებში 2003 წლიდან 2017 წლის მაისამდე იმყოფებოდა. ამის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა, ჩავიდა სომხეთში და ფაქტზე გამოძიება მოითხოვა.
მეზობელი ქვეყნის საგამოძიებო უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით იძიებს, რაც ტრეფიკინგსა და ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.
თუმცა მიმართა თუ არა სომხურმა მხარემ ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურას, ესეც უცნობია. არადა, როგორც ა/ო "მრავალეროვანი საქართველოს" ლიდერი არნოლდ სტეპანიანი ამბობს, ამ ფაქტმა სომხეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და სომხეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. თავად სტეპანიანმა კი დაზარალებული ადამიანის კვალზე გასვლა ვერ მოახერხა.
"ასეთი ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ ჩვენც გავიგეთ, მაგრამ როცა მოვიძიეთ, ეს ადამიანი უკვე სომხეთში იმყოფებოდა და მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
"ასევე, ვიცი, რომ სომხური არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ამ საქმით აქტიურად დაინტერესებული. სხვა დეტალები არ ვიცი, ძალიან მწირი ინფორმაცია გავიგეთ. სახელი და გვარიც ვერ გავარკვიეთ. ჩვენ სოფლის დასახელებაც კი არ ვიცოდით. გვითხრეს, რომ საზღვარზე, სადღაც ქვემო ქართლში მოხდა ეს ამბავი", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას სტეპანიანი.
ამ ფაქტის შესახებ არაფერი სმენია "სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის" აღმასრულებელ დირექტორ ზაურ ხალილოვს. უფრო მეტიც, იგი ამ ინფორმაციას არასარწმუნოდ მიიჩნევს.
"ამდენი წელი ამ მდგომარეობაში თუ იმყოფებოდა, დავიჯერო, ერთხელაც არ მიეცა რაღაც შანსი, რომ ვინმესთვის ეთქვა და დახმარება ეთხოვა?! არ მგონია, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, არალოგიკური მგონია ეს ყველაფერი. სოღანლუღში ბევრჯერ ვიყავი და ამის შესახებ ნამდვილად არ გამიგია არაფერი", - გვითხრა ხალილოვმა.
ამ ფაქტის გადასამოწმებლად "მთელი კვირა" კრწანისის რაიონის გამგეობასაც დაუკავშირდა, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, პირველად ჩვენგან გაიგეს.