(რეზონანსი) აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს მოხდა, მას შემდეგ, რაც სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად, ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი კონტინგენტი შევიდა.
ოპერაცია შეთანხმებული იყო ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ - ვლადისლავ არძინბასთან.შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირეში და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს.
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთში ომის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში" , -წერია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
403-დღიან სამხედრო დაპირისპირებას ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი ემსვერპლა. 300 000 ადამიანი დევნილი გახდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, რასაც წინ უძღოდა სოჭის 27 ივლისის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დაქირავებულ მებრძოლებს აფხაზეთი უნდა დაეტოვებინათ.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სოხუმიდან ჯავშანტექნიკა და არტილერია უნდა გაეტანა, აფხაზური კი, აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს უნდა გაეკონტროლებინა. შეთანხმების პირობები მხოლოდ თბილისმა შეასრულა.