(რეზონანსი)გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, კარალეთისა და ტყვიავის მოსახლეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას ეხმაურება.
მინისტრის განცხადებით, 2017-2018 ახალი სასწავლო წლის სექტემბრიდან, ყველა იმ სკოლაში, რომელსაც 1000-ზე მეტ ბავშვიანი კონტინგენტი ჰყავს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებისთვის ვაშლები დარიგდება.თავდაპირველად, ეს პროგრამა დედაქალაქის სკოლებში დაიწყება.
„თბილისის სკოლებში,სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, შემოდგომაზე დავიწყებთ კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების კამპანიას. ეს პროექტი სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ პროექტის მიზანია,რომ შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი" , - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კარალეთსა და ტყვიავში ფიქრობენ, რომ თუკი გორის რაიონის სოფლებიდან ადგილობრივი პროდუქტის შესყიდვა მოხდება, ვაშლის ფასი აიწევს.
„რაც აქ არ გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე, წაიღებენ სკოლებში დაარიგებენ. შარშან ვერ გავყიდეთ და ნაწილი მდინარეში გადავყარეთ" , - ამბობს ტყვიავის მცხოვრები.