(რეზონანსი) გამოცემა „სტრანა"-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ჩანაწერი პროვოკაციაა. მან არ უპასუხა კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა ამ ჩანაწერის გამო გამოძიება.
„არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებით, მათ შორის უკრაინული „ვიკილიქსიდან" განხორციელებული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. არც მაშინ და არც ახლა, მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მოგვიხდენია და არც ახლა მოვახდენთ რეაგირებას" , - განაცხადა აბაშიშვილმა.
რუსი პრანკერების (ინტერნეტმასხარების) - ვოვანის (ვლადიმერ კუზნეცოვი) და ლექსუსის (ალექსეი სტოლიაროვი) მტკიცებით, ისინი მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს ესაუბრნენ.
უკრაინული გამოცემა წერს, რომ პრანკერებმა გიორგი მღებრიშვილთან მიმოწერაც წარმოადგინეს, რომელშიც ის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს შორის მიხეილ სააკაშვილზე მოლაპარაკებების დეტალებს აზუსტებს.