(რეზონანსი) ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს, ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ ხელი თვენახევრის წინ მოაწერა.მისი თქმით, ეს რკინიგზა პირველი ვიწრორელსიანი რკინიგზაა, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს ერთმანეთთნ აკავშირებს.
ანთიძის განცხადებით, რკინიგზა ფუნქციონირებას ახალი სტატუსით აგრძელებს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ ჩაერევა, რადგან რეაბილიტაცია საინჟინრო ნაწილია და დეპარტამენტის პრეროგატივაა.
წაღვერ-ცემის დამაკავშირებელი რკინიგზის ხიდი მდინარე გუჯარულაზე მდებარეობს. ის მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს, ალექსანდრ გუსტავ ეიფელს. მისი კონსტრუქცია 1902 წელს ჩამოიტანეს ბორჯომის ხეობაში და ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს. ხიდი მთლიანად რკინის კონსტრუქციაა, რომელზეც ერთი ლიანდაგის ხაზი გადის.
ე.წ. ეიფელის ხიდი, როგორც მას მოსახლეობა ეძახის, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. რკინიგზის ხაზი ბორჯომის რკინიგზის სადგურზე იწყება და დაბა ბაკურიანში სრულდება.