(რეზონანსი) 14-მა უცხოელმა ინვესტორმა, პროტესტის ნიშნად, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ბარები და კაფეები დახურა.რადიკალური გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიამ მათ საფეხმავლო ქუჩაზე ღია ტერასების დემონტაჟი მოსთხოვა და სოლიდური ჯარიმით დაემუქრა.
ბარების ხელმძღვანელებმა რამდენიმე დღის წინ გაფრთხილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, თუ დღეიდან მეპატრონეები მაგიდებსა და სკამებს ბარის წინ დაალაგებდნენ, 10000-ლარიან ჯარიმას მიიღებდნენ.
კაფეების მფლობელები ამბობენ, რომ მერიის გადაწყვეტილება მათთვის გაუგებარია, რადგან საფეხმავლო ქუჩაზე ღია კაფეების სტუმრები უცხოელი ტურისტები არიან. ბარების მეპატრონეები ასევე ამბობენ, რომ მხოლოდ აღნიშნულმა 16-მა ბარმა მიიღო გაფრთხილება, ხოლო დანარჩენი ბარები დღეს ჩვეულებრივ აგრძელებენ გარე პერიმეტრზე მუშაობას.
ბარების ამხანაგობის თავმჯდომარე, გივი დუჩიძე განმარტავს, რომ გაფრთხილება მხოლოდ იმ კაფე-ბარების მეპატრონეებმა მიიღეს, რომელთაც მერიაში შესაბამისი პროცედურები არ დაუწყიათ.
„ჩვენ დაგვიბარეს მერიაში და მოგვთხოვეს ამ საქმის მოწესრიგება. შემდეგ ეს პროცედურულად უნდა მომხდარიყო შეთანხება არქიტექტურის სამსახურთან,ვიზუალზე იქნებოდა მიღებული დასტური, შემდეგ გადამისამართდებოდა ქონების მართვაში და აიღებდა იჯარას.ვინც არ შეათანხმა ვიზუალი არქიტექტურის სამსახურთან, იმათ მიიღეს გაფრთხილება" , -განაცხადა გივი დუჩიძემ.
„ჩვენ ამ 16 კაფეზე გაჩერებას არ ვაპირებთ, ყველა დაწესებულება მოვა კანონთან შესაბამისობაში" , - ამის შესახებ „ტვ პირველის" ეთერში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი უკლებამ განაცხადა.