(რეზონანსი) სურსათის ეროვნული სააგენტო წლევანდელი თხილის მოსავლის დაზიანების და შემცირების მიზეზზე და ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო სასოფლო- სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს. მავნებელი აზიანებს 200 სახეობის მცენარეს, მათ შორის, ხეხილოვან კულტურებს, თხილს, ვაზს, კენკრას და სხვა. ძლიერი გავრცელების დროს ზარალმა შეიძლება მოსავლის ღირებულების 70% შეადგინოს" , - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მავნებლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებია. ის 2001 წელს დაფიქსირდა აშშ-ში. 2010 წელს მავნებლის მიერ აშშ სოფლის მეურნეობისათვის მიყენებულმა ზარალმა 21 მლრდ დოლარი შეადგინა.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა. დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში, დამონტაჟდა 21 ათასი დამჭერი ხაფანგი-ფერომონი.თხილის ბაღებში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები, 12 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდა. სულ 53 000 ჰექტარი ფართობი შეიწამლა.
„აზიური ფაროსანას პარალელურად, კლიმატური პირობების და უხვი ნალექის გამო, თხილის პლანტაციებში გავრცელდა სოკოვანი დაავადებაც, რამაც ასევე გამოიწვია თხილის მოსავლის დაზიანება და შედეგად, შემცირება" , - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.