ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, ერთჯერადად უბარიერო არჩევნები დაუშვას.
მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არსებული 5%-იანი ბარიერი გაუქმდება და პარლამენტში ყველა ის პოლიტიკური პარტია მოხვდება, რომელიც ე.წ. ბუნებრივ ბარიერს - დაახლოებით 1%-ს გადალახავს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "იტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ამასთან, როგორც სააგენტოს წყარომ განუცხადა, ამ აზრს გუნდში, მომხრეებთან ერთად, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და ყველაფერი ძირითადად ოპოზიციასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
არის თუ არა მისაღები მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას ბარიერის გაუქმება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): არა, ვფიქრობ, ბარიერი უნდა იყოს. პარლამენტში უნდა შევიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხალხისგან ნდობა აქვთ. რამდენი უნდა იყოს ბარიერი, ამაზე შეიძლება შეთანხმება, მაგრამ ბარიერის გარეშე არ უნდა იყოს.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):არ არის მისაღები, რადგან შეიქმნება კიდევ წვრილი პარტიები, როგორც ეს აქამდეც იყო და შესაძლოა, მივიღოთ ისეთი ვითარება, როგორიც შევარდნაძის დაბრუნებისას იყო, როცა ყველა პოლიტიკური ძალა შეიყვანეს პარლამენტში იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა მას რეიტინგი. ბარიერი უნდა იყოს, და უფრო მეტიც, ვფიქრობ, მაღალი ბარიერი უნდა დაწესდეს, რათა რეალურად ჩანდეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაცია, პოპულარობა. თუკი პარტიასაც ცნობადობა და ნდობა არ აქვს საზოგადოებაში, მაშინ რა ჯანდაბად გვინდა პარლამენტში?!
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):ჩემი აზრით, ქვეყანას თავისი პრობლემებისთვის უფრო კონსოლიდირებული მმართველობა სჭირდება და არა თუნდაც ისეთი კვალიფიციური მთავრობა, როგორიც შედგება სხვადასხვა პარტიისგან, რომლებიც მაშინ იკრიბებიან, როცა ბარიერი დაიწევს, ასეთი დაქუცმაცება ჩვენს ინტერესში არ შედის.
რა თქმა უნდა, კარგია, უფრო მეტი პარტიის შესვლა და ხეისუფლებაში ყოფნა, მაგრამ ეს იქნება ამორფული მასა, რომელიც არაფრის გამკეთებელი არ იქნება, ჩვენ კი ვიქნებით ჩიხში და წუმპეში, რაც სწორად არ მიმაჩნია.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ერთი წლით ან ერთჯერადად ბარიერის გარეშე არჩევნების ჩატარება გაუგებარია, თუმცა მე მომხრე ვარ, რომ მთელი საზოგადოების ჩართულობა იყოს და თუ გაამართლებს, დავტოვოთ კიდეც ასე.
მაგალითად, სლოვაკეთში არჩევნები მიმდინარეობს, როცა პარლამენტში ირჩევენ მდივან-მესაკუთრეთა ამხანაგობის პარტიას, სადაც შესულია ერთი თუ ორი კაცი. ანუ, რაც მეტია საზოგადოებრივი სპექტრი, მით უკეთესია.
მნიშვნელოვანია, გაფართოვდეს ეს სპექტრი, რათა არ ვიყოთ 2 კაცის კინკლაობის შემყურენი. სხვა საკითხია, რომ ჩვენთან პოლიტიკური პარტიები ვერ ყალიბდებიან, ამას ალბათ დრო უნდა და პოლიტიკური კულტურა, თუმცა ფართო სპექტრის ასახვა საინტერესო იქნებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე