(რეზონანსი) რკინიგზელები დღეიდან რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობას იწყებენ. საუბარია კახეთის რეგიონის ლიანდაგის მონტიორებზე, რომლებსაც რკინიგზის ადმინისტრაციამ სამუშაო ადგილი შეუცვალა.მუშებს სოლიდარობას უცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირიც.პროფკავშირებში ამტკიცებენ, რომ ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიღო.
ამჟამად ორი რკინიგზელი გაიფიცა. მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ კახეთიდან სამუშაოდ სადახლოს ხაზზე გადმოიყვანეს, არ მიუციათ დამატებითი ანაზღაურება ან საცხოვრებელი ადგილი, ამიტომ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მუშები დიალოგს და სამუშაოდ კვლავ კახეთში დაბრუნებას ითხოვენ.
„ჩვენი ხელფასი 500 ლარია, გამოდის, რომ შემოსავლის გარეშე ვრჩებით" , - ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე უჩა ღვთისიაშვილი.
გაფიცული თანამშრომლები ითხოვენ,რომ თუ ძველ სამუშაო ადგილზე არ დააბრუნებენ, რკინიგზამ ისინი საცხოვრებელი ადგილით და სამივლინებო თანხით უნდა უზრუნველყოს. რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან მოშიმშილეებთან ერთად პროფკავშირების წარმომადგენლებიც არიან შეკრებილნი.
„მათ თვითნებურად შეუცვალეს სამუშაო ადგილი, შესაბამისად, უწევთ გურჯაანიდან ჯერ თბილისში გამოცხადდნენ სამსახურში და შემდეგ წავიდნენ სადახლოს მიმართულებით. ჩვენ საკმაო ვადა მივეცით რკინიგზას, რომ შემდგარიყო სოციალური დიალოგი, მაგრამ რკინიგზამ ეს დრო გაანიავა" , - აცხადებს საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირების ხელმძღვანელი, ვიტალი გიორგაძე.
რკინიგზის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეორგანიზაცია საწარმოო აუცილებლობის გათვალისწინებით მოხდა და მუშები სხვა ადგილზე სამუშაოდ იმის გამო გადაიყვანეს, რომ ისინი უსამსახუროდ არ დარჩენილიყვნენ.