(რეზონანსი) დარიალის ხეობაში ვითარება სტაბილურია და ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე აღარ არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, წყლის დონემ დაიკლო.ხეობაში გზა გახსნილია, სპეციალური რეჟიმი გაუქმდა.
შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, ხეობაში მიმოსვლაც აღდგენილია.
„დღეს დილით, 6 საათზე, როგორც იყო გამოცხადებული, საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა „ყაზბეგმა" განაახლა სამუშაო პროცესი, მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ეს არის 24/7-ზე, როგორც გატარების, ასევე შემოსვლის რეჟიმი არის თავისუფალი, ხორციელდება საბაჟო პროცედურები" , - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, 15 აგვისტოს დილის 6 საათამდე, დარიალის ხეობაში და საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგზე" სამუშაო პროცესი შეწყვეტილი იყო. ასევე,ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.