(რეზონანსი) მოშიმშილე რკინიგზელებს საპატრულო პოლიციამ კარავი დაუშალა. პოლიციის თანამშრომლებმა მოშიმშილეებს განუმარტეს, რომ მათ არ ჰქონდათ კარვის დადგმის უფლება. პარალელურად განცხადება გაკეთდა რკინიგზის დეპარტამენტში, სადაც ამბობენ, რომ მუშები უზრუნველყოფილი არიან როგორც საცხოვრებლით, ისე ტრანსპორტით.
„რკინიგზამ გაარემონტა ვაგონები, სადაც შექმნილია საცხოვრებლად ვარგისი ყველა საჭირო პირობა. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, თანამშრომლები ტრანსპორტირებით უზრუნველყოფილი იქნებიან რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით" , - აცხადებს ნანა კლარჯეიშვილი, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი.
დღეს რკინიგზის დეპარტამენტთან გურჯაანის რკინიგზის მუშებმა შიმშილობა დაიწყეს. ამჟამად ორი რკინიგზელი შიმშილობს. ისინი ამბობენ, რომ კახეთიდან სამუშაოდ სადახლოს ხაზზე გადმოიყვანეს, არ მიუციათ დამატებითი ანაზღაურება ან საცხოვრებელი ადგილი, ამიტომ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩნენ.